ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი წლის 5 ფავორიტ წიგნს აქვეყნებს

Gates Notes

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი, 2016 წლის 5 ფავორიტ წიგნს ასახელებს და თითოეულ მათგანზე მოკლე რევიუებს გვთავაზობს. გეიტსმა პოსტი რჩეული წიგნების შესახებ თავის პერსონალურ ბლოგზე ორშაბათს გამოაქვეყნა.

"თუ დასვენების დღეებისთვის წიგნებს ეძებთ, ქვემოთ მოყვანილი წიგნები წელს ჩემი ფავორიტია. ისინი სხვადასხვა თემატიკისაა - ჩოგბურთიდან ჩოგბურთის ფეხსაცმელებამდე, გენომიდან დიად ლიდერობამდე. ყველა ძალიან კარგადაა დაწერილი და თითოეულმა მათგანმა მოულოდნელი სიამოვნება მომანიჭა", - წერს ბილ გეიტსი.

სიმების თეორია, დევიდ ფოსტერ უოლესი

ამ წიგნს საერთო არაფერი აქვს ფიზიკასთან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას მატარებელში ან თვითმფრინავში წაიკითხავთ, წიგნის სათაური სუპერ-ჭკვიანად გამოგაჩენთ. „სიმების თეორია" უოლესის მიერ ჩოგბურთის შესახებ დაწერილი 5 საუკეთესო ესსეს კრებულია. ტენისი არის სპორტი, რომელსაც თავი მაიკროსოფტში მუშაობისას დავანებე და ახლა ისევ დიდი გატაცებით მივსდევ. არ არის საჭირო, თამაშობდე ან თუნდაც უყურებდე ჩოგბურთს, რომ ეს წიგნი მოგეწონოს. გარდაცვლილი ავტორი ისე ოსტატურად იყენებდა კალამს, როგორც როჯერ ფედერერი ჩოგანს.

Shoe Dog, ფილ ნაითი

(Shoe Dog - გავრცელებული ინდუსტრიული სლენგი ამერიკაში. ეძახიან ფეხსაცმლის ინდუსტრიის ვეტერან წარმომადგენლებს).

"ნაიკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ეს გულწრფელი მემუარი გვახსენებს, თუ როგორ გამოიყურება ბიზნეს-წარმატებისკენ მიმავალი გზა: ქაოსური, სარისკო და შეცდომებით სავსე. ნაითს რამდენჯერმე შევხვედრივარ. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მაგრამ ამავდროულად ჩუმი, რთულია მისი კარგად გაცნობა. არ მგონია, ნაითი ცდილობდეს მკითხველისთვის რაიმეს სწავლებას. ამის ნაცვლად, ის უკეთეს რამეს აკეთებს - თავის ისტორიას იმდენად გულწრფელად ყვება, რამდენადაც შეუძლია. ეს გასაოცარი ზღაპარია.

გენი, სიდჰართა მუქარჯი

ექიმები "სამმაგი საფრთხის" წინაშე დგანან, როდესაც ზრუნავენ პაციენტებზე, სტუდენტებს ასწავლიან მედიცინას და ატარებენ კვლევებს. მუქარჯი, რომელიც სამივე მათგანს აკეთებს კოლუმბიის უნივერსიტეტში, "ოთხმაგი საფრთხის" წინაშე დგას, რადგან მან ასევე პულიცერის ჯილდო მოიგო. თავის ბოლო წიგნში მუქარჯი გენომური მეცნიერების წარსულში, აწმყოსა და მომავალში გვამოგზაურებს, ამ ყველაფერს კი ისე აკეთებს, რომ აქცენტს ეთიკურ საკითხებზე სვამს, რომლებსაც ბოლო და უდიდესი გენომური ტექნოლოგიები იწვევს. მუქარჯიმ ეს წიგნი მათთვის დაწერა, ვინც მედიცინაში კარგად ვერ ერკვევა, რადგან მან იცის, რომ ახალი გენომური ტექნოლოგიები ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს.

მითი ძლიერ ლიდერზე, არჩი ბრაუნი

წლევანდელმა მწვავე არჩევნებმა მაიძულა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის 2014 წელს დაწერილი ეს წიგნი ამერჩია. ის 50 წლის განმავლობაში სწავლობდა პოლიტიკურ მართვას - კარგს, ცუდსა და მახინჯს. ბრაუნი გვაჩვენებს, რომ ლიდერები, რომლებსაც ისტორიაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით, როგორც წესი, არ არიან ისეთები, როგორებსაც ჩვენ "ძლიერ ლიდერებად" მივიჩნევთ. ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობენ სხვებთან, აცნობიერებენ რა, რომ არცერთ ადამიანს არ შეუძლია და/ან არც უნდა ჰქონდეს პასუხი ყველაფერზე. ბრაუნს არ შეეძლო წინასწარ გაეთვალა ის რეზონანსი, რომელიც მის წიგნს 2016 წელს მოყვებოდა.

და განსაკუთრებულად აღსანიშნი:

ქსელი, გრეთჩენ ბაქეი

ეს წიგნი, ჩვენი დაძველებული ელექტროქსელის შესახებ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრისაა - "წიგნები მიწიერ რაღაცებზე, რომლებიც მომაჯადოებელია". ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ თემას მომაჯადოებლად ვთვლი, არის ის, რომ დამამთავრებელ კლასში ჩემი პირველი სამსახური პროგრამის წერა იყო ობიექტისთვის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის ელექტროენერგიის ქსელს აკონტროლებდა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, როგორ აღწევს ელექტროობა თქვენამდე, ვფიქრობ, ეს წიგნი მაინც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ელექტრო ქსელი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მოვლენაა. ჩემი აზრით, იმაზეც დაგაფიქრებთ, რატომ არის ელექტროქსელის მოდერნიზება ამდენად კომპლექსური საკითხი.

კომენტარები