საგარეო ვალი

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს €450-მილიონიან შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიო ბანკის სათაო ოფისი
Reuters

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს შეღავათიანი კრედიტის სახით €450 მილიონს გამოუყოფს. შესაბამის საკრედიტო შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება და მის ფარგლებში საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ამავე საკრედიტო ხელშეკრულებით, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის სექტორების განვითარება იგეგმება.

დღესვე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EIB-ის ვიცეპრეზიდენტ იან ვაპავუროვთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, EIB-ის რეგიონული ოფისის თბილისში გახსნამ ქვეყანაში საინვესტიციო რესურსის მოზიდვას ხელი შეუწყო.

"პირველმა ვიცეპრემიერმა სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მათი განხორციელება დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზე, აგრეთვე მიმოიხილა სამთავრობო გეგმები ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, ტურიზმის სექტორს, რეგიონებში ხელს შეუწყობს ბიზნეს-აქტივობებს და სხვა", - წერია ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში.

კომენტარები