ვიზალიბერალიზაცია

მცდარია ინფორმაცია, თითქოს საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უკვე მიიღო

Reuters

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჯერ არ მიუღიათ. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროპარლამენტარებმა გუშინ მიიღეს. კონკრეტულად კი, ეს ეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე ტაბულასთან განმარტავს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლისთვის საქართველომ საჭირო პროცედურების 2/3 გაიარა.

„იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდეს, საჭიროა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის თანხმობა: პირველი არის ევროკომისია, რომელმაც თავისი საქმე უკვე გააკეთა და 2015 წლის 16 დეკემბერს დადო დადებითი დასკვნა; მეორე საფეხურია ევროკავშირის საბჭო, რომელმაც 2016 წლის 2 ოქტომბერს, მიიღო გადაწყვეტილება, სადაც გამოხატა თანხმობა, თუმცა ერთი დაშვებით - რომ საქართველოსთან უვიზო ლიბერალიზაცია ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირი და ევროპარლამენტი შეთანხმდებიან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმზე. მესამე ინსტანცია უნდა იყოს ევროპარლამენტი, რომელმაც პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ კენჭისყრით ხმა უნდა მისცეს ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთვის. ეს სამი კომპონენტი მთლიანად არის საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოაწერონ ხელი ამ საკანონმდებლო ცვლილებას და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 21 დღის თავზე უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში“, - განმარტავს რუხაძე.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს. 

კომენტარები