ჯაანდაცვა

TI: ქართული ფარმაცევტული ბაზარი სუსტი ოლიგოპოლიაა

NHS

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) ფარმაცევტული ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც "ქართული ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია". 

"2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს "პსპ ფარმა" - 22.32%, შპს "ეი-ბი-სი ფარმაცია" ანუ ფარმადეპო - 14.91%, შპს "ავერსი - ფარმა" -14.54%, სს "ჯი პი სი"- 10.20% და შპს "გლობალფარმი" - 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული "ეი-ბი-სი ფარმაციის" და სს "ჯი-პი-სი"-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. ასევე აღსანიშნავია აღნიშნული შერწყმის დადებითი მხარეებიც, კერძოდ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას", - წერია TI-ს კვლევაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე დაშვებულია 11 168 მედიკამენტი (წამლის ფორმის, დოზისა და შეფუთვაში რაოდენობის გათვალისწინებით), რომელთა შორის 1 367 ქართული წარმოებისაა, ეს კი ყველა მედიკამენტის რაოდენობის 12,25% შეადგენს, საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიდან 259 სამკურნალო საშუალებას აწარმოებს ,"ავერსი-რაციონალი", ხოლო 237-ს - "ჯი-ემ-ფარმაცევტიკალსი" (ჯი-ემ-პი). აქედან ცხადია, რომ საქართველოში არიან ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც ფარმაცევტულ პროდუქტს საქართველოში შეძენილი ნედლეულით აწარმოებენ.

2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა. ზრდის ტემპმა პიკს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია. 2015 წლის ნოემბრიდან ფასების ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე ნარჩუნდება.

კომენტარები