ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"ორ ცეცხლს შუა" ანუ მიშას ფენომენი

სოციალურ ქსელში ყოფნა გამოწვევაა, ანუ რისკი და შესაძლებლობა ერთდროულად. რისკი ისაა, რომ ერთს ამბობ, "მეგობარი" კი სულ სხვა ემოციით გპასუხობს და კონფლიქტებიც მრავლდება თუ ღრმავდება. შესაძლებლობა კი იქვეა - აზრთა გაცვლები ხომ აზროვნების ერთადერთი გზაა.

დღეს ფეისბუქზე ისევ მიშას თემა დომინირებს. მე, როგორც "გამიჯნულთა" წარმომადგენელი, ორმხრივ კრიტიკას ვიღებ: კრიტიკის ერთი ხაზი, არსებითად, თავად "გამიჯვნის" დაუშვებლობას უკავშირდება - ჩემი დამოკიდებულებები მიშას ღალატთანაა გაიგივებული. მეორე ფრონტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა. ორი სიტყვით, მისი არსია "ახლა არაა?! ცხრა წლის შემდეგ?!". ამ "ფრონტის" ხაზს განტოტებაც აქვს - თუ "ემიჯნები, რა მორცხვად ემიჯნებიო". მოკლედ, ზოგისათვის მიშასთან რაიმეზე არდათანხმება მისი მტრების ბანაკში გადასვლის ტოლფასია, სხვებისათვის კი ფუჭი და დაგვიანებული, თანაც გაუბედავი მცდელობა, ავირიდო პასუხისმგებლობა "მიშას კულტის" შექმნაზე.

ბუნებრივია, ეს ამ ადამიანთა შეფასებებია. არც "ღალატი" და არც "კულტი" არ ასახავს მოვლენების ჩემეულ ხედვას, ბუკვალურად იქნება ეს თუ მეტაფორულად. აი, სიტყვა პასუხისმგებლობა კი ნამდვილად დროულია და საუბარიც იმაზე მსურს, თუ სად და როგორ ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას როგორც "ცხრა წელთან", ისე ბიძინასეული "ოთხი წლის" შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებით.

მიშას მხარეს ვიყავი და, რიგ საკითხებში, ვრჩები იმიტომ, რომ იგი, თავის დროზე, ორგანიზებულ დანაშაულს, მასობრივ კორუფციასა და ფეხმოკიდებულ ქსენოფობიას დაუპირისპირდა. მისი ხელმძღვანელობით, იერიში იქნა მიტანილი პოსტსაბჭოურ ფეოდალიზმზე. იერიში წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც საქართველო რეალურად გახდა სახელმწიფოთა საერთაშორისო სისტემის სუბიექტი, საქართველოში დაბრუნდა შუქი, გაზი და პენსია. ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ. ყველამ ისედაც იცის. მარტო იმას დავამატებ, რომ კანონიერ ქურდობაზე ოცნება თუ არაქართველ თანამოქალაქეებზე ზემოდან ყურება ცუდი ტონი გახდა.

ეს რევოლუციური ცვლილებებია. შესაბამისად, მიუხედავად ახალი პოლიტიკური სისტემის თვალნათელი ნაკლოვანებებისა, მიშას პრეზიდენტობის მომხრე ვიყავი და ვარ.

2012 წელს მიშა დამარცხდა. დავმარცხდით მისი გუნდის წევრები. ქართულმა საზოგადოებამ მისი მიღწევები არასაკმარისად ჩათვალა. აქცენტი კი, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, არა მარტო ბიძინას ფულზე, არამედ იმაზეც გააკეთა, რომ მიშას პოლიცია და პროკურატურა მისთვის მიუღებელ დონეზე იყო პოლიტიზებული. მიშასადმი დამოკიდებულებების ცვლაში იყო საგარეო ფაქტორიც: რუსეთის შიშით მანიპულაციების ფენომენი. მაგრამ მთავარი მაინც ალბათ ისაა, რასაც დღეს უკვე ბევრი ამბობს: ურბანული საშუალო კლასის მიშასგან გაუცხოება.

დადგა ბიძინას მმართველობის ოთხი რევანშისტული წელი. "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგი რომ რევანშისტული იყო და არა წინა მმართველობის ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე ორიენტირებული, ეს ვარდების რევოლუციის ყველა მონაპოვარის ლაფში ამოსვრის ბიძინასეული დისკურსიდანაც ჩანს. და ეს ოთხი წელი, ჩვენ, მიშას პარტიის დეპუტატები, ათასობით აქტივისტთან ერთად, ვიცავდით მის სახელს, ვიცავდით მის მემკვიდრეობას. სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. სხვანაირი ქცევა მიმაჩნდა უპატიოსნებად.

მოვიდა 2016-ის არჩევნებიც. ამ გამოცდისთვის მზადება ნერვიულ ატმოსფეროში მოგვიხდა. აქ გარედან ზეწოლებზე არაა საუბარი. ეგ სულ იყო, მაგას მივეჩვიეთ. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ შიდაუთანხმოებანი წარმოშვა. უფრო სწორად, გააღრმავა, რადგან დიდი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს შიდა უთანხმოებების გარეშე. უთანხმოების საკითხები, ჩემი გადმოსახედიდან, სამი იყო: ა) კამპანიისას გველაპარაკა თუ არა წარსულის შეცდომებზე, მიშას ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებებზე; ბ) დაგვეშვა თუ არა, თუნდაც მომავალში, თანამშრომლობის რაიმე ფორმები ენმ-ისგან დისტანცირებულ ამა თუ იმ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფებთან; გ) გაგვეჟღერებინა თუ არა არაორაზროვნად, თუ ვინ გვესახებოდა პრემიერ, შინაგან და უშიშროების მინისტრებად - ვინ გვინდოდა გენერალურ პროკურორად. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე ცალსახა პასუხები არ მოიძებნა, რაც არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი (არა ერთადერთი) მიზეზი გახდა.

ხელახალი მარცხი ნებისმიერი პარტიისთვისაა დიდი გამოცდა. მას ბოლომდე ვერ აკომპენსირებს ის, თავისთავად მნიშვნელოვანი პოზიტივი, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ენმ-ის მხარდამჭერთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. მოვიდა წარუმატებლობის ანალიზის დრო და აქ დასცილდა ჩემი (პირადად ჩემი) აზრი იმას, რასაც მიშა გამოხატავს.

მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ტოტალური გაყალბებით წავაგეთ. არჩევნები იყო უსამართლო, მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანობის პირობებშიც წავაგებდით, ოღონდ სულ სხვა პროცენტით. ენმ-მ ვერ დაუმტკიცა საზოგადოების უმრავლესობას, რომ იგი ბიძინას საუკეთესო ალტერნატივაა. მე არ ვთვლი, რომ მარცხზე პასუხისმგებლობა მარტო თბილისში მყოფმა პოლიტიკური საბჭოს იმ ნაწილმა უნდა აიღოს, რომელიც აქედან ახდენდა საარჩევნო კამპანიის კოორდინირებას. არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, ვინც არ იზიარებდა პოლიტიკური საბჭოს და სამდივნოს ხელმძღვანელობის ყველა შეხედულებას. რაც მთავარია, საარჩევნო კამპანიაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ფიგურირებდა დევნილობაში მყოფი მიშა. შესაბამისად, წაგება ყველას პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ფრთის თუ ფლანგის ბრალი.

და ბოლოს, ვგრძნობ, რომ აზრთა სხვადასხვაობა მიშასთან იმ საკითხშიცაა, თუ რა ვქნათ მომავალში. თუ კვლავ არ აღმოვჩნდით 2003 წლის პირობებში, როდესაც არც შუქი გვქონდა და არც პოლიცია ფუნქციონირებდა, ენმ-ის უპირობო ტრიუმფი წარმოუდგენლად მიმაჩნია. არადა, მე საზოგადოება არ მემეტება შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლის მდგომარეობაში დაბრუნებისათვის - თუნდაც მხოლოდ ეს იყოს ბიძინას საბოლოო ლუსტრაციის ერთადერთი წინაპირობა. შესაბამისად, აუცილებელი მგონია, რომ ჩვენი პარტია ეძებდეს თანამშრომლობის გზებს იმათთან, ვისაც ჩვენსავით სურს ევროპული საქართველო, მაგრამ აშინებს მიშას სიხისტე თუ ემოციურობა. მგონია, რომ ასე უკეთ მოვუვლით, გადავარჩენთ იმ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდება.

თუ იგი სხვას ფიქრობს, ჩემნაირად მოფიქრალნი მოღალატეებად მიაჩნია და ენმ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამხედრებულთა მხარესაა, ჩვენი გზები გაყოფილა.

მოკლედ, გვაერთიანებს წარსულის პატივისცემა და საერთო პასუხისმგებლობა. გვაერთიანებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნება/გაძლიერების სურვილიც. აი, ამის მიღწევის გზები კი, დღეს, სრულიად განსხვავებულად გვესახება.

P.S. პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა ის დეტალებია, რომელიც ამ ზოგადი ხედვიდან გამომდინარეობს.

კომენტარები