გოცირიძე: მთავრობამ უკანონოდ, შიდა ვალის სახით უკვე 170 მილიონი ლარი აიღო

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მთავრობამ უკანონო შიდა ვალის სახით 170 მილიონი აიღო. ბოლო სახაზინო აუქციონი, რომელზეც მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 30-მილიონიანი ვალი აიღო, გუშინ გაიმართა. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს 200 მილიონის შიდა ვალის აღება იყო გათვალისწინებული, თუმცა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების გეგმის ჩავარდნის გამო, მთავრობამ დაფინანსების ალტერნატივად შიდა ვალი გამონახა.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი კვლავ უფასურდება, ასევე, ფასების ზრდაა მოსალოდნელი იმ საგადასახადო ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტი მალე მიიღებს, მთავრობა უხეშად აგრძელებს არასწორ კურსს, არღვევს ბიუჯეტის შესახებ კანონს. მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით.

დღეისათვის, 200-მილიონიან ლიმიტს, რომელიც კანონითაა დადგენილი, მთავრობამ 170 მილიონი ლარით გადააჭარბა. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც ნაშთებიდან გაიწევა და მთლიანობაში დაახლოებით 300 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვაა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასების მატებაზე.

მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ვალი, რომელიც კომერციული ბანკებიდანაა აღებული, 1.5 მილიარდით გაიზარდა, ხოლო სახაზინო ვალდებულებებიდან ემიტირებულმა თანხებმა 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა", - ამბობს რომან გოცირიძე.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა შიდა ვალის აღების გაორმაგებას გეგმავს. ბიუჯეტის მიხედვით, სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მომავალ წელს 400 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570-570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო.

კომენტარები