ვიზალიბერალიზაცია

როგორ ვისარგებლოთ უვიზო რეჟიმით, რომელიც, შესაძლოა, საქართველომ იანვარში მიიღოს

7 დეკემბერს, ევროპარლამენტის დეპუტატები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საკითხის განხილვა მოახლოვდა.

შეთანხმება სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა 37 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო. ტექსტი ევროპარლამენტის სრულმა შემადგენლობამ სავარაუდოდ, მომავალ კვირას უნდა განიხილოს.

ევროპარლამენტარ კატი პირის ინფორმაციით, მომდევნო კვირაშივე იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე.

როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ შესაბამისი რეგულაციის ტექსტზე მომავალ კვირაში სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე. საბოლოოდ, რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის მინისტრების საბჭო, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული ვადების განსაზღვრა.

„ამ დროისთვის გავლილი პროცედურების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შემოღება უკვე საკმაოდ ახლო პერსპექტივაა“, - აცხადებენ უწყებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გიორგი რუხაძის თქმით, სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სავიზო ლიბერალიზაციისკენ. ამ მომენტისთვის, საქართველომ საჭირო პროცედურების 2/3-ზე მეტი გაიარა, დარჩენილია პარალმენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა, რომელიც, დიდი ალბათობით, შემდეგ კვირას სტრასბურგში გაიმართება.

„იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდეს, საჭიროა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის თანხმობა: პირველი არის ევროკომისია, რომელმაც თავისი საქმე უკვე გააკეთა და 2015 წლის დეკემბერში დადო დადებითი დასკვნა; მეორე საფეხურია ევროკავშირის საბჭო, რომელმაც 2016 წლის 5 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც გამოხატა თანხმობა, თუმცა ერთი დაშვებით - რომ საქართველოსთან უვიზო ლიბერალიზაცია ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდებიან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმზე. მესამე ინსტანცია უნდა იყოს ევროპარლამენტი, რომელმაც პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ კენჭისყრით ხმა უნდა მისცეს ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და აქტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება, 21 დღის თავზე უვიზო მიმოსვლა შევა ძალაში. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ თუ შემდეგ კვირაში მოესწრო სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე შეჩერების მექანიზმის ახლი ვარიანტისა და საქართველოსთვისა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს მოქალაქეები ევროზონაში გადაადგილებას უკვე 2017 იანვრის ბოლოს შეძლებენ“, - განმარტავს რუხაძე.

რა არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმი და რატომ გახდა საჭირო მისი მიღება?

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მიგრანტთა კრიზისმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მექანიზმის გამარტივების მოთხოვნა განაპირობა. გიორგი რუხაძის განმარტებით, მაშინ, როცა საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნები შეასრულა, შეჩერების მექანიზმის განახლებაზე საუბარი საერთოდ არ იყო.

"მას შემდეგ, რაც უკრაინამ და თურქეთმა, რომლებიც საქართველოზე ბევრად უკან იყვნენ პროცედურულად, გამოიყენეს პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური წნეხი და ბევრად უფრო აქტიური ლობირება იმისათვის, რომ დაეჩქარებინათ უვიზო მიმოსვლის საკითხები მათ ქვეყნებთან მიმართებაში, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტურად დაიწყეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე მუშაობა. თურქეთი და უკრაინა ერთად დაახლოებით მთელი ევროკავშირის 1/5-ზე მეტია. შესაბამისად, ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხმა სერიოზულად დააფიქრა ევროპელი პოლიტიკოსები, იქედან გამომდინარეც, რომ ამ პერიოდში ძალიან გააქტიურდა მიგრანტთა კრიზისი. თუკი ეს ორი ქვეყანა და საქართველოც, რადგან ის უკვე ერთ კალათაში აღმოჩნდა უკრაინასთან და თურქეთთან, მიიღებდა უვიზო მიმოსვლას, გაჩნდებოდა საფრთხე, რომ ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესულ ადამიანებს შესაძლოა სერიოზული გავლენა მოეხდინათ მიგრაციულ ნაკადებზე რაოდენობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, დადგა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საჭიროება, რაც მარტივი შესათანხმებელი არ აღმოჩნდა“, - ამბობს რუხაძე.

7 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი. ახალი მექანიზმის მიხედვით, სავიზო მოთხოვნები შესაძლოა ხელახლა გადაიხედოს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ შემთხვევაში:

  • იმ ადამიანთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებსაც უარი უთხრეს შესვლაზე ან არალეგალურად რჩებიან ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე;
  • უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა;
  • რეადმისიასთან (მიგრანტების დაბრუნებასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ნაკლებობა;

გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა გადაიხედოს საჯარო პოლიტიკისა და მესამე ქვეყნების შიდა უსაფრთხოების საფუძველზე.

შეჩერების მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა წევრ სახელმწიფოებს და ევროპისკომისიას ექნებათ. ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა, მონიტორინგი გაეწევათ და პარლამენტსა და საბჭოს მუდმივად გაეგზავნებათ ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, კონკრეტული ქვეყანა ისევ იმსახურებს თუ არა უვიზო მიმოსვლას. უარყოფითი ანგარიშის შემთხვევაში, კომისია ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტს, შეუჩეროს თუ არა კონკრეტულ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა 9 თვით.

გაჭიანურდა თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და ამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცედურების გარკვეულწილად დროში გადავადება საქართველოსთან არავითარ კავშირში არ არის.

„ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და უაღრესად პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას. პროცესის შეფერხება განპირობებულია იმ პრობლემებით, რომლის წინაშეც ევროკავშირი ამჟამად დგას - გაზრდილი მიგრაციული ნაკადებისა და შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. ევროკავშირში შექმნილი ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემთხვევაში რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. სწორედ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის ინიცირებამ გამოიწვია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების გადავადება. თუმცა, ეს პროცესიც უკვე წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად აუცილებელი დარჩენილი პროცედურები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე მოლდოვის მაგალითს ასახელებს და მიიჩნევს, რომ საქართველომ დააგვიანა.

„დღეს, როდესაც უვიზო მიმოსვლა ძალიან ახლოსაა, შესაძლოა თქვან, რომ კრიტიკას აზრი აღარ აქვს, რადგან შედეგი თითქოს სახეზეა, თუმცა მიმაჩნია, რომ სიმართლე უნდა ითქვას იმისთვის, რათა საქართველოს ხელისუფლებამ იგივე შეცდომები მომავალში აღარ დაუშვას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ პროცესებში. რეალობა კი იმაში მდგომარეობას, რომ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა ძვირფასი დრო. შესაბამისი აქტიურობისა და პროაქტიული პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის ზაფხულიდან შეძლებდნენ ევროზონაში უვიზო მიმოსვლას. მაგალითად, მთელ იმ პროცედურას, რომლის 2/3 ჩვენ ერთ წელიწადში გავიარეთ, მოლდოვამ მხოლოდ ოთხი თვე მოანდომა. მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, რომელიც საქართველომ 2015 წლის დეკემბერში მიიღო, გამარჯვება წინმსწრებად იზეიმა და საქმის კეთებისა და ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მუდმივი ლობირების ნაცვლად, პროცესი დინებაზე მიუშვა. შედეგად, მივედით იქ, რომ აღმოვჩნდით უკრაინასთან, თურქეთთან და კოსოვოსთან საერთო კალათში და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება უკვე შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე გახდა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე საუბარი 2016 წლის მაისში დაიწყო. ანუ, საქართველოს შეეძლო ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებამდე მიეღო უვიზო მიმოსვლა. როდესაც მოცემულ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, ამას ყოველთვის მოსდევს პრობლემები“, - ამბობს გიორგი რუხაძე.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, სალომე სამადაშვილიც მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან დააგვიანა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ პროცესი 2004 წელს, ჩვენზე ორი წლით ადრე დაიწყო, 2012 წელს საქართველო და მოლდოვა თანაბარ პოზიციებზე იყვნენ.

„2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, რის შემდეგაც ფაქტობრივად ჩამოიშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მიჰყავდა პროცესი და შეჩერდა, გაიყინა ყველაფერი. მერე დავიწყეთ დაცდა, სანამ ევროკავშირმა არ მოგვცა სამოქმედო გეგმა. დავკარგეთ ამაზე ნახევარი წელიწადი. სამოქმედო გეგმის მოცემის შემდეგ კიდევ ნახევარი წელიწადი ველოდეთ მისი განხორციელების დაწყებას. რაც მთავარია, არანაირი რესურსი არ დავხარჯეთ ამ საკითხის პოლიტიკურ ლობირებაზე. ძალიან არასწორი მიდგომა ჰქონდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას მაშინვე, რომ ეს რაღაც ბიუროკრატიული პროცესი იყო და დავალების შესრულების შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში ვინმე გადაწყვეტდა ამ საკითხს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია და დღევანდელ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩვენ ამაზე რომ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა - იმ ამნისტიის შედეგად, რაც ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, არსებობს შეშფოთება კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში და სწორედ ამიტომ შს მინისტრი იძულებული გახდა წვეოდა ევროპას არაერთხელ, რათა პროგრესისთვის მიგვეღწია. შედეგად, მოხდა ის, რაც მოხდა - ჩვენ ვერ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა და ობიექტურად შეიქმნა სხვა დამატებითი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს ამ მიმართულებით პროგრესს. სამწუხაროა, რომ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო სწორად დაგეგმილი პოლიტიკის პირობებში“, - ამბობს სამადაშვილი.

მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონია, ნაწილობრივ ეთანხმება გიორგი რუხაძეც.

„პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის, მაგრამ არის არაპირდაპირი კავშირი - ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური ნაწილის დასრულებისა და პოლიტიკური ნაწილის დაწყების შემდეგ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკოსები, რომლებიც უმეტესწილად ხელმძღვანელობენ შექმნილი წარმოდგენებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საუბარი მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს დამოუკიდებულებაზე და ა.შ., მუდმივად გასდევდა ამ პროცესს და ერთგვარად ქმნიდა პოლიტიკურ მიზეზს იმისთვის, რომ სკეპტიციზმის ხარისხი აწეულიყო და, შესაბამისად, აქტიურობაც ნაკლები ყოფილიყო. მართალია, მიმდინარე წელს ევროკავშირი დაიტვირთა თავისი პრობლემებით, ეს იყო ტერორიზმი, მიგრანტთა პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ამ დროს რუსეთიც არ იყო მთლად ხელჩამოშვებული და მაშინ, როდესაც საქართველო პასიურად უყურებდა პროცესს, მოსკოვი აქტიურად მუშაობდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა იმოქმედა და შეიცვალა დღის წესრიგი, თუმცა ის ლოგიკა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ ამ მიზეზების გამო, არასწორია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკა უფრო აქტიური და დინამიური გახდეს, რათა მომავალი ინტეგრაციული პროცესები წარმატებით განხორციელდეს. ხვალ და ზეგ უფრო მეტი პრობლემა იქნება ევროკავშირში, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დედამიწა გაჩერდება, აღარაფერი მოხდება და მთელი დასავლური სამყარო იმაზე დაიწყებს ფიქრს, თუ როდის მიანიჭებენ საქართველოს უვიზო მიმოსვლას, ასე ნამდვილად არ იქნება“, - ამბობს რუხაძე.

კრიტიკის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია როგორც რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციის თვალსაზრისით, რაც გამოიხატა ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. უწყებაში ირწმუნებიან, რომ შეფერხებები გარკვეულ ეტაპზე გამოწვეული იყო საქართველოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფაქტორებით.

ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საზღვრის შეუფერხებლად გადასვლას არ ნიშნავს. ამ პროცესს უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. გიორგი რუხაძის თქმით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ერთგვარი ნდობა და ნებართვა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.

„ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თავისუფალი გადაადგილება, ბუნებრივია, კარგია არამხოლოდ ტურისტებისთვის. ეს გაუხსნის გზას ახალგაზრდობას, სტუდენტობას, რომელიც მოკლე კურსებით არის დაინტერესებული ევროკავშირის ქვეყნებში. ვრცელ და აკადემიურ სწავლას მაინც ვიზა დასჭირდება, თუმცა მოკლევადიანი გადაადგილება გამარტივდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება უფრო თავისუფლად ჰქონდეთ ბიზნესურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან ევროკავშირის ქვეყნებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზრდის სავაჭრო ბრუნვას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის იმის ჩათვლითაც, რომ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია ევროკავშირთან. მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მოქალაქეების კულტურული და მსოფლმხედველობრივი დაახლოებაა ევროპის ქვეყნებთან, ასევე განაცხდია ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველოს მოქალაქები იმსახურებენ თავისუფლად გადაადგილებას ევროზონაში და საქართველოს ადგილი თავისუფალი ევროპელი ერების ოჯახშია“, - ამბობს რუხაძე.

რა არის უვიზო მიმოსვლა და როგორ ვისარგებლოთ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი;

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სადაც მოგზაურობისთვის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეს, ვიზის გარეშე იმოგზაუროს 90 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მან უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია იყოს ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულების, ბიზნესშეხვედრების, სასწავლო და გაცვლითი პროგრამების/ტრენინგის, კურსების, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, მკურნალობისა და სხვა მიზნებით.

მოგზაურობისთვის აუცილებელია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მოითხოვს სხვადასხვა დოკუმენტს, ისევე, როგორც ამას ითხოვენ საელჩოებში. შესაძლო დოკუმენტების სრული ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და მოქალაქეს დააბრუნებენ საქართველოში. ამასთან, მას შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით.

კომენტარები