საქართველოს ეკონომიკა

2016 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4%-ით შემცირდა

REUTERS

2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $463 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ინვესტიციებმა $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - $434 მილიონი
  2. თურქეთი - $196 მილიონი
  3. ლუქსემბურგი - $68 მილიონი
  4. ჩეხეთი - $66 მილიონი
  5. ნიდერლანდები - $63 მილიონი
  6. პანამა - $39 მილიონი
  7. აშშ - $38 მილიონი
  8. კვიპროსი - $29 მილიონი
  9. ჩინეთი - $25 მილიონი 
  10. იაპონია - $5 მილიონი
  11. დანარჩენი ქვეყნები - $334 მილიონი

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ სამი კვარტლის მონაცემებით $517 მილიონი ჩაიდო, შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი ($168 მილიონი) და ენერგეტიკა ($131 მილიონი). ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2014 წლიდან მოყოლებული მცირდება, გასული წლის პირველ სამ კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციების სახით $133 მილიონი, 2014 წელს კი $153 მილიონი ჩაიდო. 

ინვესტიციების კლება სხვა სექტორებშიც შეიმჩნევა, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში სამთომომპოვებელ სექტორში $78 მილიონი ჩაიდო, წელს კი სექტორში ჩადებული ინევსტიციების მოცულობა $31 მილიონია.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ $439 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 33%-ია.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები