ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 100 წლის გახდა. კირკ დუგლასის ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს ითვლის. მსახიობი ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში "სპარტაკი" და "ჩემპიონი" ითამაშა. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი გადასცა.
კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდიუსერი ჯოელ დუგლასი, მეორე ქორწინებიდან კი - პროდიუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი. კირკის მსგავსად, კინემატოგრაფიაში წარმატებას მისმა ორმა შვილმა - მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს.
3 რამ რაც მის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ:
კირკ დუგლასი მისი ნამდვილი სახელი არ არის
მისი ნამდვილი სახელი იშურ დანიელოვიჩია. კირკ დუგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ ამსტერდამში დაიბადა. მისი ებრაული ოჯახი ბელარუსიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოცხოვრდა. მას შემდეგ, რაც იშურ დანიელოვიჩმა კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა გადაწყვიტა, სახელი გადაირქვა და კირკ დუგლასი გახდა.
ხელი შეუწყო ჰოლივუდის შავი სიის გაქრობას
მეოცე საუკუნის შუა წლებში, ჰოლივუდის შავ სიაში ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც კომუნიზმთან ასოცირდებოდნენ, მოსწონდათ კომუნისტური რეჟიმი ან რაიმე შეხება ჰქონდათ კომუნისტებთან. კირკ დუგლასმა დაჟინებით მოითხოვა შავ სიაში მყოფ სცენარისტ დალტონ ტრამბოსთან თანამშრომლობა ფილმ "სპარტაკზე". როგორც ცნობილია, ამ ინციდენტის შემდეგ, ჰოლივუდში შავი სია აღარ ფუნქციონირებდა.
ის გადაურჩა ვერტმფრენის კატასტროფას, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა
1991 წლის თებერვალში ვერტმფრენი, რომლითაც კირკ დუგლასი მგზავრობდა სანტა პაულას აეროპორტთან ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას პილოტი და 18 წლის მგზავრი ემსხვერპლა. მაშველებს 90 წუთი დასჭირდათ 74 წლის მსახიობის ამოსაყვანად, რომელსაც თავის არეში ჭრილობა და ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა.