დინოზავრები

მეცნიერებმა ქარვაში გაქვავებული დინოზავრის კუდის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

Current Biology

მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს დინოზავრის კუდი, რომელიც ქარვაში არის გაქვავებული და პირველადი სახე აქვს შენარჩუნებული.

ძვლოვან კუდზე შემორჩენილია რბილი ქსოვილის ფრაგმენტები და ბუმბულები. როგორც სამეცნიერო ჟურნალ Current Biology-ში წერია, აღმოჩენა 99 მილიონი წლით თარიღდება.

ქარვა, რომელშიც დინოზავრის კუდი არის გაქვავებული, ჩინელმა პალეონტოლოგმა, ქსინგ ლიდამ ბირმელი ვაჭრისგან შეიძინა. პალეონტოლოგის თქმით, ის თავიდანვე მიხვდა, რომ ქარვაში გაქვავებული ეგზემპლარი ხერხემლიანი ცხოველის დეტალი იყო და არა რომელიმე მცენარის, როგორც ეს თავად ქარვის გამყიდველს ეგონა.


ფოტო: Current Biology

კანადელი მეცნიერის, რაიან მაკკელარის თქმით, ქარვაში გაქვავებული პრეისტორიული ცხოველების ფრაგმენტები აქამდეც უპოვიათ, თუმცა ეს კონკრეტული, თითქმის პირველადი ფორმით შემონახული სხეულის ნაწილის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

სამწუხაროდ, ქარვაში გაქვავებული დინოზავრის კუდი გენეტიკურ ინფორმაციას არ შეიცავს. 

მეცნიერების ცნობით, დინოზავრი, რომლის კუდიც აღმოაჩინეს, საკმაოდ პატარა, დაახლოებით ბეღურის ზომის უნდა ყოფილიყო.

დაახლოებით ასე გამოუყურებოდა დინოზავრი, რომლის კუდიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს
ფოტო: Current Biology

კომენტარები