ფემიციდი

შსს: წინანდალში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინანდალში მამაკაცმა ყოფილი ცოლი სანადირო თოფით მოკლა. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 7-დან 15 წლამდე. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 9 დეკემბერს, საღამოს, 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი ცოლი, 1987 წელს დაბადებული ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. დაზარალებული თელავის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა იმავე სანადირო თოფით თავის არეში ჭრილობის მიყენებით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

"მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. მოსამართლემ ა.ბ-ს 30 დღის განმავლობაში ე.შ-სთან მიახლოვება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა. უფრო ადრე, 2016 წლის 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა. ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილით). თელავის რაიონულმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს საპატიმრო გირაო 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის 1 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა," - ნათქვამია შსს-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ამა წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 13 (დღეის მონაცემებით უკვე 14) ქალი მოკლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები