გოცირიძე: ასეთი უხეში ჩარევა საქართველოს საბანკო ისტორიაში პირველად მოხდა

ტაბულა

"100 ათას ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა არის უხეში ადმინისტრაციული ჩარევა. ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოს საბანკო ისტორიაში, რომ რაიმე აკრძალვა ყოფილიყო ამა თუ იმ ვალუტაში სესხების აღებაზე", - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის 10 პუნქტიანი დედოლარიზაციის გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე და 2018 წლის 1 იანვრიდან 1 იანვრიდან და 200 ათას ლარამდე ზომის სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ყველა ახალი მსესხებლისთვის სავალუტო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

"ეს არის აბსოლუტურად არასწორი, მე ვიტყოდი უგუნური ნაბიჯი ვინაიდან ან ახლო ან შორეულ პერსპექტივაში ამის რაიმე დადებითი ეფექტი არ ჩანს. რაღაც მომენტში ამასაც გააუქმებენ და დარჩება ისტორიას სამარცხვინო ლაქად, თუ როგორი გულუბრყვილო იყო რეგულატორი, რომელსაც ეგონა, რომ რაღაც მიზანს მიაღწევდა ამ ტიპის შეზღუდვით. ამას შეიძლება განაკვეთების ზრდაც მოჰყვეს, რადგანაც როდესაც ხდება შეზღუდვა ამ რისკების კომპენსირება ხდება საპროცენტო განაკვეთების ზრდით",- ტაბულასთან საუბარში ამბობს რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ოქტომბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 16.5 მილიარდი ლარია, აქედან სესხების მხოლოდ 36.5%-ია ლარში ნომინირებული. ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა ვიდრე ლარის სესხის. იმ პირობებში, თუ ხელოვნურად გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდოს.

კომენტარები