ბიუჯეტი 2017

აქციზის გადასახადი ვაზელინის ზეთზეც იზრდება

cloudfront.net

2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ გაორმაგდება და 800 ლარი გახდება ტონა ვაზელინის ზეთის აქციზური გადასახადი.


ფოტო: ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები
ვაზელინის ზეთების აქციზის გაძვირებასთან ერთად იზრდება ყველა ტიპის საავტომობილო ზეთების აქციზის გადასახადი.

"1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთების ზრდას. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე",- წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.

ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდით შემოსავლები 518 მილიონით გაიზრდება

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადთ დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი გადასახადი, რომელიც მცირდება, მოგების გადასახადია

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახდიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად, ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა.

ვაზელინი ნავთობის გადამუშავებისგან მიღებული, ბუნებრივი საპოხი საშუალებაა.

კომენტარები