ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 18 მლნ გამოყო

ტაბულა

ორშაბათს,12 დეკემბერს, საყოველთაო ჯანდაცვის 605-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა. დღეს კი ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსების გადაჯგუფების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი დაუმატებია, რის შედეგადაც პროგრამის ბიუჯეტი 623 მილიონამდე გაიზარდა. დამატებული 18 მილიონიდან 8 მილიონი უკვე გახარჯულია, შესაბამისად, 31 დეკემბრამდე პროგრამისთვის 10 მილიონი რჩება.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წელს ერთხელ უკვე გაიზარდა

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. უკვე აგვისტოში ჩანდა, რომ ეს თანხა პროგრამისთვის საკმარისი არ იქნებოდა და ხარჯვის არსებული ტემპით, მისი ბიუჯეტი სავარაუდოდ 7 ნოემბერს ამოიწურებოდა. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ 19 ოქტომბერს საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით პროგრამისთვის დამატებით ₾35 მილიონი გამოყო, თუმცა პროგრამის 31 დეკემბრამდე უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.

უკონტროლო ხარჯები

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დროზე ადრე ამოწურვა გაქცეულმა ხარჯებმა გამოიწვია. პირვანდელი გეგმის მიხედვით, პროგრამის საშუალო ყოველდღიური ხარჯები ₾1.55 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში პროგრამის ხარჯი დღეში ₾1.74 მილიონს შეადგენდა, ამიტომაც ახალ წლამდე 19 დღით ადრე პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წლისთვის კი მთავრობამ ბიუჯეტში ამაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა. 

მთავრობა პროგრამაში ცვლილებებს აანონსებს

არსებული პროექტის მიხედვით, 2017 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას ყველა სამედიცინო დაწესებულება ვეღარ შეძლებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, მომავალი წლიდან პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ცვლილებები ფასადურია, მის შედეგად კი რიგი სამედიცინო დაწესებულებები ფინანსური კრიზისის წინაშე დადგებიან.

კომენტარები