ფოთის პორტი

ფოთის პორტი გემებს შეზღუდვით იღებს, მიზეზი არხის სიღრმის შემცირებაა

primemarine.info.

რამდენიმე დღეა, ფოთის პორტი შეზღუდვით მუშაობს. მიზეზი შესასვლელ არხში წყლის სიღრმის დაკლება გახდა. სიღრმე მინიმუმ 11 მეტრი უნდა იყოს, ამჟამად კი, 5.2 მეტრს არ აღემატება. შესაბამისად, ფოთის პორტის მმართველი კომპანიის APM ტერმინალსის განცხადებით, ნავსადგური მხოლოდ ისეთ გემებს იღებს და უშვებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამჟამად არსებულ, შეზღუდულ უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმეს. კომპანიაში არხის ამოვსებას ცუდ ამინდს უკავშირებენ.

როგორც ტაბულას ფოთის პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ნადარაიამ უთხრა, ეს ვითარება კიდევ მინიმუმ ათ დღეს გაგრძელდება. მისი თქმით, ხვალ ელოდებიან გემს, რომელმაც არხი უნდა გაწმინდოს. გაწმენდით სამუშაოებს შემოსვლიდან ათი დღე დასჭირდება.

"ნავსადგურის საკუთრებაში არსებული მიწახაპია გემი "ნიკო ნიკოლაძე" ჩართულია დაღრმავებით სამუშაოებში, ასევე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნავსადგურმა გააფორმა კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან დამატებითი მიწახაპია გემის შემოყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნული გემი მუშაობას პარასკევს დაიწყებს. ეს პროცესი დაგვეხმარება, არხი დაუბრუნდეს თავის ჩვეულებრივ სიღრმეს, რომელიც არსებობდა დეკემბრის დასაწყისში, შტორმის განვითარებამდე. იმისათვის, რომ არხი დაუბრუნდეს ჩვეულებრივ, უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმეს, დაღრმავების სამუშაოები სავარაუდოდ 10 დღის მანძილზე გაგრძელდება", - აცხადებენ კომპანიაში.

ტაბულამ APM ტერმინალს მიმართა კითხვით, რამდენი გემის მომსახურებას ახერხებს ამჟამად ფოთის პორტი და რამდენს იღებდა - შეზღუდვამდე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომერსანტის ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მამუკა ახალაძის განცხადებით, ფოთის პორტის მუშაობის განახლებამდე, გემები ბათუმის ნავსადგურში მისამართდება. 

კომენტარები