ბიუჯეტი 2017

წულუკიანი: არ არის გამორიცხული, 5.5 ათასი თანამშრომლიდან 200-მდე გათავისუფლდეს

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ებში ოპტიმიზაცია არის დაგეგმილი. წულუკიანის თქმით, გაუქმდება ახალი თანამშრომლების აყვანაზე გამოცხადებული ვაკანსიები და, ამავდროულად, სამინისტროს უწყებებში დასაქმებული 5.5 ათასი ადამიანიდან 200-მდე შესაძლოა, რეორგანიზაციაში მოყვეს. 

"სადაც 10%-ზე შემცირების საშუალება იყო იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ეს უკვე გაკეთებულია. მაგალითად, ზოგი მიმართულებით, სამინისტროს დიდ სსიპ-ებში ეს 13-14%-ითაც არის გატარებული. ვაკანსიები უქმდება ბევრი, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს გენ. ინსპექციაში გაუქმდა ვაკანსიები. რაც შეეხება ცოცხალ ადაამიანებს, რასაც ვეძახით, ვინც მუშაობენ. ჩვენ ვართ იუსტიციის სამინისტროში პროკურატურის უწყების გარეთ დაახლოებით 5.5 ათასი ადამიანი და არ არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე შეიძლება გათავისუფლდეს", - ამბობს თეა წულუკიანი.

ბიუჯეტის მიხედვით, 2016 წელს იუსტიციის სამინისტროში 1.753 ადამიანი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი დასაქმებულთა რაოდენობა 1.665 იქნება. ამავდროულად, მთლიანად სამინისტროს სახელფასო ფონდი 6.7%-ით, 35 მილიონ ლარამდე მცირდება.

რიგ უწყებებში სახელფასო ფონდები ამაზე უფრო ნაკლებად მცირდება:

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 5.6%
  • იუსტიციის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.7%
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - ხელფასების შემცირება 2.7%
  • ფინანსთა სამინისტრო - ხელფასების შემცირება 15%
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - ხელფასების ზრდა 2.8%
  • თავდაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.4%
  • შსს - ხელფასების შემცირება 2.3%
  • სუსი - ხელფასების ზრდა 10%
  • სდსს - ხელფასების ზრდა 0.1%
  • განათლების სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.8%
  • კულტურის სამინისტრო - ხელფასების ზრდა 5.4%
  • ეკონომიკის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 15.1%
  • ლტოლვილთა სამინისტრო - ხელფასების შემცირება 3.3%
  • ჯანდაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 8.6%
  • ენერგეტიკის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 5.7%
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ხელფასების ზრდა 5.9%
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 14%
  • სპორტის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 14.6%
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ხელფასების ზრდა 17%
  • მთავრობის ადმინისტრაცია - ხელფასების შემცირება 12%
  • ცესკო - ხელფასების შემცირება 0.3%

კომენტარები