ფოთის პორტი

ფოთის პორტს 13 დეკემბრიდან არც ერთი გემი არ მიუღია

primemarine.info.

ფოთის პორტს 13 დეკემბრის 16:00-დან, უამინდობის გამო, არცერთი გემი არ მიუღია - ამის შესახებ ტაბულას ნავსადგურის კაპიტნის სამსახურში განუცხადეს. ამასთან, რამდენიმე დღეა, ფოთის პორტში შეზღუდვებია დაწესებული. მიზეზი შესასვლელ არხში წყლის სიღრმის დაკლება გახდა - წყლის სიღრმე მინიმუმ 11 მეტრი უნდა იყოს, ამჟამად კი, 5.2 მეტრს არ აღემატება. შესაბამისად, ნავსადგური მხოლოდ ისეთ გემებს იღებს და უშვებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამჟამად არსებულ, შეზღუდულ უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმეს.

როგორც კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ ტაბულას უთხრა, პორტი კარგ ამინდში დაახლოებით 20 გემს იღებდა, თუმცა შეზღუდვის დაწესების შემდეგ, 13 დეკემბრამდე, ყველაზე მეტი - 4 გემი მიიღეს. სწორედ ეს გემები აკმაყოფილებენ 5.2-მეტრიან სიღრმეს.

ტაბულასთან საუბარში, ფოთის პორტის მმართველი კომპანიის APM ტერმინალსის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ნადარაია ამბობს, რომ შეზღუდვა კიდევ მინიმუმ ათ დღეს გაგრძელდება. მისი თქმით, ხვალ ელოდებიან გემს, რომელმაც არხი უნდა გაწმინდოს. გაწმენდით სამუშაოებს შემოსვლიდან ათი დღე დასჭირდება.

კომენტარები