ახალი წელი

სად შეიძლება, გაატაროთ საახალწლო WEEKEND - შეთავაზებები საქართველოსა და უცხოეთში

ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც ორი კვირა დარჩა. ნოემბრის ბოლოდან, ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა და დასასვენებელმა სასტუმრო კომპლექსებმა უკვე გაასაჯაროვეს საკუთარი შეთავაზებები. არჩევანი დიდია - საახალწლო შაბათ-კვირის გატარება შეგიძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ფასი კი, დაახლოებით ერთი და იგივე დაგიჯდებათ.

საქართველოში ახალი წლის დღეების გატარება ყველაზე ძვირი ლოპოტა სპა რეზორტში ღირს. ლოპოტა 3-დღიან საახალწლო პროგრამას ორ ადამიანს 980 დოლარად სთავაზობს. ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება, 31 დეკემბერს გალავახშამი, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა, ჯგუფ ფორტეს კონცერტი, ასევე, პრიზების გათამაშება, წამყვანი და DJ. 1 იანვარს ლოპოტა სტუმრებს ბედობის ღამის საახალწლო ვახშამს სთავაზობს - თემო რცხილაძის კონცერტით. ხოლო 2 იანვარს ლოპოტაზე თავად იქნებით კერძების ავტორები.

კაჭრეთის ამბასადორის ორდღიანი საახალწლო პროგრამა ორ ადამიანზე 550 დოლარი ღირს. 31 დეკემბერს სტუმრების განწყობაზე ელენე კალანდაძე იზრუნებს, 12 საათის შემდეგ კი, სტუმრებისთვის დიჯეი დაუკრავს.

სასტუმრო როიალ ბატონი სტუმრებს ფოლკლორულ და საესტრადო ცოცხალ მუსიკას და გალა-ვახშამს სთავაზობს. ღირებულებაში ასევე შედის საბავშვო ოთახი გასართობი პროგრამით მთელი ღამის განმავლობაში (ძიძის თანხლებით). სტანდარტული ტიპის ნომრის ფასი 2 პერსონაზე 2 ღამით -550 დოლარია, ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება.

ბაკურიანში ორი ღამის გატარება საახალწლო პროგრამის გარეშე სასტუმროს მიხედვით - 100-400 ევრო დაგიჯდებათ. ხოლო თუ ახალი წლის ყაზბეგში გატარება გინდათ, რუმს ჰოტელ ყაზბეგი ფასდაკლებით, ორდღიან პროგრამას ქართველ მომხმარებელს 744 დოლარად სთავაზობს, უცხოელებს კი - 992 დოლარად. (ზოგადად კი, პაკეტი 1239 $ ღირს). ღირებულებაში შედის 31-1 იანვარს ოთახი 2 ადამიანზე, გალავახშამი, ნინო ქათამაძისა და ბენდი ინსაითის კონცერტი, DJ სეტი, გლინტვეინი და მეორე დღის საუზმე.

როგორც ვნახეთ, საქართველოში პოპულარულ სასტუმროებში საახალწლო დღეების გატარება ორ ადამიანს 500-1000 დოლარი უჯდება. დაახლოებით ამ ფასად ასევე შეგიძლიათ, რამდენიმედღიანი საახალწლო ტური მოიწყოთ თურქეთში, ეგვიპტეში, დუბაიში, ასევე ევროპაში - ბულგარეთში, პოლონეთსა და იტალიაში. თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვა ყოველდღიური ხარჯების გათვალისწინებაც მოგიწევთ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

ორ ადამიანს ახალი წლის სტამბოლში გატარება 350 ევროდან შეუძლია. 31 დეკემბერი - 3 იანვრის პერიოდში, ტურის ღირებულებაში შედის ავიაბილეთები (თბილისი - სტამბული - თბილისი), განთავსება 3* სასტუმროში Beyaz Kugu, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა. (ფასები განახლებადია და ყოველდღიურად იმატებს).

ახალი წელი სტამბოლში

თუ თოვლსა და სიცივეზე მეტად, ახალ წელს მზე გიზიდავთ, ეგვიპტე და დუბაი თქვენთვის შესანიშნავი ვარიანტია. შარმ-ელ-შეიხში საახალწლო ერთკვირიანი პაკეტი ორ ადამიანს 1250-დან უჯდება (4- ან 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში). მოგზაურობის პერიოდი: 28 დეკემბერი - 4 იანვარია. ღირებულებაში შედის ავიაბილეთები, სასტუმრო, სრული კვება, ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა. (ფასები განახლებადია და ყოველდღიურად იმატებს).

რაც შეეხება დუბაის, ხუთდღიანი საახალწლო ტური, ორ ადამიანს 1400 დოლარი დაუჯდება. შეთავაზებაში შედის ფრენა 31.12.2016 - 05.01.2017, სამვარსკვლავიანი სასტუმრო IBIS STYLES HOTEL JUMEIRAH DUBAI 3*, ტრანსფერი და სრული კვება. (ფასები განახლებადია და ყოველდღიურად იმატებს).

ახალი წელი დუბაიში

ევროპაში სამოგზაუროდ, ქართული ტურისტული კომპანიები მომხმარებელს იაფფასიან საახალწლო პაკეტს პოლონეთსა და იტალიაში სთავაზობენ. დაბალფასიანი ტურები ქუთაისიდან ფრენის შემთხვევაშია. თბილისიდან საგზურებს თითო ადამიანზე დაახლოებით 250-400 ევრო ემატება. (ფასები განახლებადია და ყოველდღიურად იმატებს).

ვარშავაში საგზური ორ ადამიანს დაახლოებით 400-500 ევრო (სასტუმროს მიხედვით) დაუჯდება. მოგზაურობის პერიოდი - 31 დეკემბერი - 2 იანვარი. ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებლის და ბარგის თანხა. საგზური მოიცავს ავიაბილეთს (ქუთაისიდან), 3*-იან სასტუმროში განთავსებას საუზმით, სამოგზაურო დაზღვევას და სავიზო მხარდაჭერას. (ფასები განახლებადია და ყოველდღიურად იმატებს).

ახალი წელი ვარშავაში
ერთკვირიანი საახალწლო ტური იტალიაში ორი ადამიანისთვის 820 ევროდან იწყება. მოგზაურობის პერიოდი: 28 დეკემბერი - 4 იანვარი. ღირებულებაში შედის სასტუმრო ორი ღამე მილანში და ხუთი - რომში. ასევე, ავიბილეთები ქუთაისიდან, საუზმე, სამოგზაურო დაზღვევა, სავიზო მხარდაჭერა.

რომი
ახალი წლის დღეების (29 დეკემბერი-3 იანვარი) ბულგარეთში გატარება კი, ორ ადამიანს 300-400 ევრო დაუჯდება. ტურისტული კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ეკონომ, ისე სტანდარტ და რეკომენდებულ საგზურებს. ღირებულებაში შედის ავიაბილეთი: ქუთაისი-სოფია-ქუთაისი, 3*-იან სასტუმროში განთავსება საუზმით, სამოგზაურო დაზღვევა და სავიზო მხარდაჭერა.

კომენტარები