მედიის განვითარების ფონდი

MDF: GNCC-ს და სასამართლოს მაუწყებლების მიმართ შერჩევითი მიდგომა ჰქონდათ

MDF

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, მარეგულირებელმა კომისიამ და სასამართლო ხელისუფლებამ მედიის მიმართ შერჩევითი მიდგომა გამოავლინეს. კერძოდ, GNCC-მა საარჩევნო კოდექსის 51.11 ვ პუნქტის (საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესი) დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები მაუწყებლებს შერჩევითად შეუდგინა - რეაგირება არ მოჰყოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ის და ობიექტივის ეთერში დარღვევის შემთხვევებს.

MDF აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია იმედის დარღვევებზე რეაგირება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, მას შემდეგ მოახდინა, რაც არათანმიმდევრულ მიდგომებზე საერთაშორისო მისიამ ისაუბრა.


ფოტო: MDF

"მარეგულირებელმა კომისიამ შერჩევითი მიდგომა გამოავლინა სამი ტელეკომპანიის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე, ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული GDS-სა და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ობიექტივის მიმართ", - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებამ 1500-ლარიანი ფინანსური სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას - ტაბულას და რუსთავი 2-ს, ასევე ორ რეგიონულ მაუწყებელს - თრიალეთს და არგოს დაუწესა.


ფოტო: MDF
"სასამართლო სხვა ტელევიზიების მიმართ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია იმედის შემთხვევაში, მსგავს დარღვევას სამჯერ ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები