ტრანსპორტი

აქციზის გაძვირების მიუხედავად, მეტროსა და ავტობუსების ტარიფი არ გაიზრდება

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, საწვავზე აქციზის გაძვირების მიუხედავად, მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფები არ გაიზრდება. ლექვინაძის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის უწყვეტი მუშაობისთვის მერიამ 60-მილიონიან სუბსიდიას დამატებითი ფინანსები შეიძლება დაამატოს. 

"მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს, აქ ტარიფის გაზრდა არ განიხილება.

საწვავზე აქციზის გაძვირება ბუნებრივია ნიშნავს, რომ საწვავის ფასები გარკვეულწილად გაიზრდება, თუმცა მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, ეს არის ავტობუსები და მეტრო, აქ ტარიფის ზრდას ჩვენ არ განვიხილავთ. 

ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდია არის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულების დასაფინანსებლად, ესაა 60 მილიონ ლარზე მეტი. თუ გახდება საჭიროება, ჩვენ თანხას დავამატებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიური მიმართულებით ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს და ბუნებრივია ამას გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ტონა ბენზინზე აქციზური მარკა 250 ლარით გაიზრდება და 500 ლარი გახდება. შესაბამისად, ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე 19-თეთრიან გაძვირებას ნიშნავს.

კომენტარები