ლარის გაუფასურება

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის კურსი 2.76 ლარი გახდა

bloomberg.com

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებით ვაჭრობა 2.69-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარი 2.76 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, თუმცა თუ ოფიციალური კურსი 2.615-ზე მაღალი იქნება, ეს ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი იქნება. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. ლარი გასული თვის მანძილზე 7.2%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი სავარაუდოდ დღეს დადგინდება.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ი დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა.

კომენტარები