პოლიციის ძალადობა

ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ორი მუხლით დაიწყო

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

"2016 წლის 19 დეკემბერს, შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებს პროკურატურა.

ტელეკომპანია იბერიას წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ის ბორჯომის პოლიციაში დაკითხეს. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.

ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები