რუსეთის ელჩის მკვლელობა

რუსეთი თურქეთში ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს

RIA Novosti

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ეს არის ტრაგიკული დღე რუსული დიპლომატიის ისტორიაში.

„ტერორიზმი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ მის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი დღეს საღამოს, ანკარაში, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელს კოსტიუმი ეცვა და სტუმრებს შორის იდგა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. ანკარის მერმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეიარაღებული პირი პოლიციელი იყო.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო. ამასთან, Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შესახებ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კარლოვი მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

კომენტარები