რუსეთის ელჩის მკვლელობა

თურქეთის შს მინისტრი: რუსეთის ელჩზე თავდამსხმელი ანკარის სპეცრაზმში მუშაობდა

AP

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, პირი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, ანკარის სპეცრაზმში მუშაობდა. AP-ის ცნობით, მინისტრმა თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა - ანდრეი კარლოვს 1994 წელს დაბადებულმა მევლუთ მერთ ალთინთასმა ესროლა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ელჩზე თავდასხმის დროს, კიდევ სამი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. ერთი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი დღეს საღამოს, ანკარაში, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელს კოსტიუმი ეცვა და სტუმრებს შორის იდგა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. ანკარის მერმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეიარაღებული პირი პოლიციელი იყო.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო. რუსეთმა კი, ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამასთან, Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შესახებ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კარლოვი მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

კომენტარები