ტერორიზმი

ბოლო მონაცემები - ბერლინის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 დაშავდა

AP

გერმანიის პოლიცია იძიებს "შესაძლო ტერორისტულ აქტს" მას შემდეგ, რაც გუშინ ბერლინში მამაკაცი საშობაო ბაზარზე სატვირთო მანქანით შევარდა. მსხვერპლი 12 ადამიანია, დაშავდა 48.

თავდამსხმელი, რომელიც მანქანას მართავდა, ავღანელი ან პაკისტანელი თავშესაფრის მაძიებელია. ის გერმანიაში თებერვალში შევიდა, როგორც ლტოლვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციისთვის ის ცნობილი იყო მცირე დანაშაულების გამო, თუმცა, არა ტერორიზმთან დაკავშირებით. 

თავდამსხმელი მაშინ დააკავეს, როდესაც მანქანა დატოვა და მიმალვას ცდილობდა. მას 2 კილომეტრის მანძილზე ადგილობრივი მისდევდა, რომელმაც პოლიციაში დარეკა.

პოლიციამ დაადასტურა, რომ მძღოლთან ერთად სატვირთო მანქანაში მყოფი ადამიანი დაიღუპა და ის პოლონეთის მოქალაქეა. არიელ ჟურავსკი მანქანის მფლობელი იყო და გუშინ, ჩვენი დროით, 19:00 საათიდან მას ვერ უკავშირდებოდნენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბევრი დეტალი მიანიშნებს ტერორიზმზე.


ფოტო: Reuters

კომენტარები