დენის ტარიფი

სემეკის თავმჯდომარე ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

facebook.com/gnerc

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, 2017 წლისთვის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა გამორიცხული არაა. ირინა მილორავა ამბობს, რომ იქამდე, სანამ სამომხმარებლო ტარიფები დადგინდება, ჯერ განაწილება-გადაცემის ტარიფები უნდა დადგინდეს.

"ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს სახელმწიფო ელექტროსისტემის ნაწილში, ასევე ზრდა არის ენერგოტრანსის ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ, არასწორი იქნება", - ამბობს მილორავა.

სემეკმა 14 დეკემბერს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენის ტარიფი გაზარდა. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაიზარდა.

კომენტარები