დენის ტარიფი

კალაძე: ამ გადმოსახედიდან ელექტროენერგიის ტარიფები არ მოიმატებს

facebook.com/kakhakaladzeofficial

"დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება", - ასე პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვას.

"ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ეგრეთ წოდებული ექსპერტებისგან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ თითქოს გრაფიკებით მოხდება დენის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და გუშინ მათ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ. გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები, გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფების, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები, ანუ ჩვეულებრივი მომხმარებელები გადაიხდიან გაძვირებულ გადასახადს. 

თუ იქნება იმის აუცილებლობა კურსიდან გამომდინარე, რომ გაიზარდოს, მე გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას და ეს მოხდება, თუ ამის აუცილებლობა იქნება. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან", - ამბობს კალაძე.

სემეკის გადაწყვეტილების შედეგად თბოსადგურებისთვის დენის ტარიფი გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის გაუფასურებაა.

ტარიფების ზრდა კონკრეტული სადგურების მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.4 თეთრით კილოვატ საათზე - 9.056 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  2. შპს ჯიფაუერისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 5.6 თეთრით კილოვატ საათზე - 14.12 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  3. შპს მტკვარი ენერჯისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 1.4 თეთრით კილოვატ საათზე - 12.194 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  4. შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.9 თეთრით კილოვატ საათზე - 14.234 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

14 დეკემბერს სემეკმა ენგურჰესის მიერ წარმოებული დენის ტარიფი გაზარდა. ცვლილებების შედეგად, 2017 წლისთვის, ენგურჰესის გამომუშავებული კილოვატსაათი ენერგიის ღირებულება 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაიზარდა.

კომენტარები