პოლიციის ძალადობა

მღებრიშვილი ჟურნალისტის ცემის საქმეზე: ის პოლიციელი შსს-ში აღარ მუშაობს

facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, პოლიციელი, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ცემაში ადანაშაულებს, სამინისტროში აღარ მუშაობს.

"ვინმეს რომ არ დაედო ბრალი, თითქოს ჩვენ ვინმეს ვმფარველობდით, პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომელი ფიგურირებს ამ საქმეში, ის აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მან დაწერა პატაკი გათავისუფლების თაობაზე და ჩვენ ეს დავუკმაყოფილეთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ტელეკომპანია იბერიას წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ. ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

კომენტარები