შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარჩემაშვილი: არ არის საჭირო, შს მინისტრის ტერმინოლოგიას გამოვეკიდოთ

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს "სიტყვებზე არ უნდა გამოვეკიდოთ". ნარჩემაშვილს კითხვა შს მინისტრის განცხადებაზე დაუსვეს. ცნობისთვის, გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ სამინისტროში შემცირება "ბალასტს" შეეხება. 

"ვფიქრობ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე - რა არის ნახსენები. მთავარია ის შინაარსი, რომელი შინაარსიც მისი ქმედებით უნდა იყოს განპირობებული. შინაარსი არის ის, რომ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, როგორც შს მინისტრს, აქვს სისტემაში ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის უფლება და ამის სრული კანონიერი საშუალება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს შინაარსი და არა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რა ტერმინოლოგია როგორია და ა.შ. არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე უფრო აუცილებელი ის, რომ მინისტრის ტერმინოლიგიას გამოვეკიდოთ. არ არის საჭირო, ვამტვრიოთ ღია კარები", - ამბობს ნარჩემაშვილი.

კითხვაზე, "თქვენც იყავით შს მინისტრი, მოიხსენიებდით საკუთარ თანამშრომლებს ბალასტად"?, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს, რომ "მე მე ვარ, სხვა სხვა არის". ის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს.

"ადამიანები თავიანთ გამონათქვამებში თავისუფლები არიან, როგორც ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, ისე აქვს საჯარო პირსაც, მით უმეტეს, თუ ეს გამოხატვა არსებითად არ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ კანონს", - ამბობს ნარჩემაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერმა დააანონსა, რომ სავალუტო კრიზისის გამო, 2017 წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სახელფასო ფონდები და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10%-ით შემცირდება. 2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, მთავრობაში დასაქმებული 116 ათასი ადამიანი ხელფასის სახით 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, ეს 2016 წელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია. კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ხელფასების 2.3%-იან შემცირებას აპირებს.

კომენტარები