ენერგეტიკა

გორის ქარის ელექტროსადგური: სადგურის ეფექტურობა 54%-ია

კახა კალაძე ქარის ელექტროსადურის ფონზე
instagram.com/kakhakaladze

გორთან ახლოს მდებარე ქარის ელექტროსადგური უკვე ექსპლოატაციაში გაეშვა. კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სადგური შეუფერხებლად მუშაობს და მისი ეფექტიანობა 54%-ია, რაც ასეთი ტიპის სადგურისთვის მაღალი მაჩვენებელია.

"მას შემდეგ, რაც ქართლის ქარის ელექტროსადგური საცდელი გაშვებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების რეჟიმზე გადავიდა, მისი ფუნქციონირება არასოდეს შეწყვეტილა. ელექტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიმდინარე თვის პირველი რიცხვიდან დღემდე სრულად მიეწოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა.

როგორც მოგეხსენებათ, ქარის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ქარის არსებობა. ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავების დასაწყებად ესაჭიროება მინიმუმ 3 მ/წ სიჩქარის ქარი, ხოლო მისი შემდგომი გამომუშავების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქარის სიჩქარის მატებასთან. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით ქართლის ქარის ელექტროსადგურის ეფექტურობამ 54% შეადგინა, რაც მსოფლიოში დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია",- წერია კომპანიის განცხადებაში.

სადგურის შესახებ

ქართლის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი ტურბინისგან შედგება (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH). 

პროექტს $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD აფინანსებს. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა. 

რა ეღირება ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებული ენერგია

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6,89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

კომენტარები