ბირთვული იარაღი

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა ბირთვული არსენალი მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს

Reuters

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს და გააფართოვოს მისი ბირთვული შესაძლებლობები",- წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე 

ბირთვული არსენალის შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს შეიარაღებაში 7.1 ათასი ბირთვული ქობინია, რითიც ის რუსეთის შეიარაღებას 200 ქობინით ჩამოუვარდება. 

წელსვე ობამას ადმინისტრაციამ წარადგინა ბირთვული არსენალის განახლების $348 მილიარდიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის 10 წლიანი პროგრამის განხორციელება იგეგმებოდა.

ტრამპი ბირთვული არსენალის განახლებას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გაკეთებული განცხადებებითაც უჭერდა, ის ამბობდა, რომ რუსული ბირთვული შეიარაღება ამერიკულზე უფრო სწრაფად გადიოდა მოდერნიზაციას.

ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, მსოფლიოს ბირჟებზე ურანის მწარმოებელი კომპანიების აქციათა ღირებულება გაიზარდა, ასევე 0.7%-ით გაიზარდა ურანის ღირებულება.

ბირთვული არსენალის განახლება/გაძლიერებას რუსეთიც გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 დეკემბერს სამხედრო მრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანამ მისი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება უნდა გააძლიეროს. 

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რუსეთის ბირთვული პოტენციალი, განსაკუთრებით სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება, რათა გვქონდეს ისეთი სარაკეტო კომპლექსები, რომლებსაც ნებისმიერი ანტისარაკეტო სისტემის გარღვევა შეეძლება", - ამბობს პუტინი.

კომენტარები