სოფლის მეურნეობა

მთავრობამ 2 მილიონი ძროხა უკვე დაარეგისტრირა

Getty Images

საქართველოში შინაური პირუტყვის რეგისტრაციის პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველები აღირიცხებიან. ასევე მიღებულია დადგენილება, ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის შესახებ.

ცხოველებს სურსათის ეროვნული სააგენტო აღრიცხავს, სააგენტოს ინფორმაციით, მათ უკვე აღრიცხული ჰყავთ 2 მილიონი მსხვილფეხა პირუტყვი და 200 ათასი წვრილფეხა პირუტყვი, ღორების რეგისტრაცია კი 2018 წლიდან დაიწყება. რეგისტრაცია ღორებისთვის სპეციალური საყურეების დატანით მოხდება, თითოეულ ღორს 8-ნიშნიანი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება. რეგისტრაციის საფასურს სახელმწიფო ფარავს.


ფოტო: nsdi.gov.ge

პირუტყვის პასპორტიზაცია-რეგისტრაცია ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენს, საქართველოს აქვს ვალდებულება, DCFTA-ს მეოთხე თავთან დააახლოოს შინაური ცხოველების მონაცემთა ბაზა (ევროკომისიის 2008/71/EC დირექტივის კოდიფიცირებული ვერსიის შესაბამისად).

13 დეკემბერს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებით, პროექტის მიზნები ასე გამოიყურება:

  • ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება.
  • ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა.
  • ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ.
  • ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება. სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

პროექტის შედეგად ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ერთიანი ბაზა, რომელშიც აღრიცხული იქნება:

  • სადგომი - სადგომში არსებული ცხოველების რაოდენობა და მათი ID
  • ცხოველი - ცხოველის ჯიში, სქესი ასაკი, მშობლის ID
  • მფლობელი - ფიზიკური/იურიდიული პირი და მისი საკონტაქტო
  • გადაადგილება - ცხოველის გადაადგილება, სადგომის შეცვლა, მფლობელის შეცვლა, სეზონური საძოვრები
  • ვაქცინაცია - თურქული, ჯილეხხი, სხვა.
  • (ჯანმრთელობის ისტორია) - ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, სხვა
  • სტატუსი - ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

კომენტარები