შიდა ვალი

მთავრობამ შიდა ვალის გეგმა 180 მილიონით გაზარდა

ტაბულა

მთავრობამ შიდა ვალის გეგმა 180 მილიონი ლარით გაზარდა. ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით, შიდა ვალი, ანუ ვალი, რომელსაც მთავრობა საქართველოს კომერციული ბანკებიდან იღებს, 380 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, ეს კი პირველად პროექტთან შედარებით 180 მილიონით მეტია.

რატომ გაიზარდა შიდა ვალის აღება?

წელს საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით $164 მილიონი უნდა მიეღო, თუმცა 12 დეკემბრამდე ამ მიმართულებით ბიუჯეტის შესრულება 0%-ზე იყო. პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით არსებული ვითარება საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის გაუარესებულმა ურთიერთობებმა გამოიწვია. 

შესაბამისად, წლის მანძილზე ბიუჯეტს დააკლდა ის შემოსავლები, რაც ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით უნდა მიღებულიყო. სავარაუდოდ, ამ მიზეზის გამო მთავრობამ ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით, დადგენილ შიდა ვალის ლიმიტს 175 მილიონი ლარით გადააჭარბა, რის შედეგადაც ამ მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო.

რა არის შიდა ვალი?

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2016 წელს კი შიდა ვალის მოცულობა თავდაპირველად 200 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა შემდგომში ის გაიზარდა.

წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობები ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - 172 მილიონი ლარი
  • 2011 წელი - 91 მილიონი ლარი
  • 2012 წელი - 58 მილიონი ლარი
  • 2013 წელი - 150 მილიონი ლარი
  • 2014 წელი - 573 მილიონი ლარი
  • 2015 წელი - 572 მილიონი ლარი
  • 2016 წელი - 380 მილიონი (გეგმა)
  • 2017 წელი - 400 მილიონი (გეგმა)

იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს კომერციული ბანკებიდან, ამ დროს ის კონკურენციაში შედის ჩვეულებრივ მომხმარებლებთან, რომელთაც სესხის აღება უნდათ. ამას გამოდევნის ეფექტი ეწოდება.

კომენტარები