მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

მიკროსაფინანსოებს 100 ათას ლარამდე თამასუქის გაცემა აეკრძალებათ

ტაბულა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც საფინანსო სექტორის რეგულირებას ეხება, ყველა მიკროსაკრედიტო ორგანიზაციას 100 ათას ლარამდე თამასუქის გაცემა აეკრძალება. პროექტის ინიციატორი მთავრობაა.

"მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა - საკრედიტო კავშირისა, ეკრძალება 100 000 (ასი ათასი) ლარამდე (შესაბამის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას ახორციელებს მხოლოდ 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე", - წერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მას იმ პირთა შემოსავლებზე, ვინც ამ ტიპის საქმიანობით სარგებლის მიღებას გეგმავდა, ნეგატიური გავლენა შეიძლება მოჰყვეს. კანონის მიღების ინიციატივა ფიზიკურ პირთა ინტერესების დაცვაა.

"კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით დგინდება ფიზიკურ პირთა ფინანსური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპისთვის ზუსტი განსაზღვრა, თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია", - წერია განმარტებით ბარათში.

თამასუქი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად, ცვლილებების შედეგად ეს ბიზნესი შემოსავლების წყაროს დაკარგავს. 

კომენტარები