იმედი

იმედი მაესტროს და GDS-ის შეძენით მედიაჰოლდინგად გარდაქმნას გეგმავს

იმედი

ტელეკომპანია იმედმა მაესტროსა და GDS-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენაზე შეთანხმება მიღწეულია, GDS-თან კი მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული.

ტელეკომპანია იმედის განცხადება

"მედიაჰოლდინგი "იმედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და  2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგის “იმედის“ შემადგენელი ნაწილი.

ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, მედიაჰოლდინგი “იმედი” ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა, რომ გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედიასივრცის განვითარებაში.

ვსარგებლოთ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გმადლობთ ერთგულებისთვის, აქ იმედია. ინა გუდავაძე", - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედს მესტროსა და ჯიდიესზე სარეკლამო დროის 100%-იანი პაკეტი აქვს ნაყიდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს აქამდეც საერთო კომერციული ინტერესები ჰქონდათ. ამასთანავე, არჩევნებზეც ამ არხებმა საერთო ეგზიტპოლი ჩაატარეს.

კომენტარები