ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრები: ყრილობის ჩაშლა ივანიშვილის რეჟიმს ამოცანებს უადვილებს

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტსაბჭოს საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა დაეზუსტებინა მის მიერვე 2016 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII პარტიული ყრილობის მოწვევისა და დელეგატების შერჩევის წესის" სავალდებულოდ განსასაზღვრი საკითხები.

"სხვა საკითხებთან ერთად, დღეისთვის გაუგებარია, როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათახმებლად კონფერენციების მოწვევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს 30 ნოემბერს დამტკიცებული არასრულყოფილი პროექტის დარღვევით", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პარტიის წესდებითა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ზემოთხსემებული საკითხების განსაზღვრისა და გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ლეგიტიმური და ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილებები ახლა მიიღონ, რადგან ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული პოლიტსაბჭო უკვე ვეღარ განსაზღვრავს დღეს ჩასატარებელ პროცედურებს და დაკარგავს ყველანაირ აზრს კარგავს.

პოლიტსაბჭოს განხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ დღეს დილით გაკეთებული განცხადება, არალეგიტიმურ გზაზე დადგომასა და პროცესის შეგნებულად ჩიხში შეყვანას ემსახურება.

"2013 წლის წინა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს ნაცვლად, 6-კაციანი, "საორგანიზაციო კომისიის" სახელით ყრილობის წესებისა და პროცედურების უგულვებელყოფით მომზადება, სხვა არაფერია თუ არა პარტიაში კონფრონტაციის გამწვავებისა და გახლეჩის პროცესის გამწვავება. დღეს პარტიის პასუხისმგებლობის მქონე ყველა წევრი ცდილობს კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. პატიმრობაში მყოფმა ენმ ლიდერებმა, ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს მიმართეს თავის პოზიციით და მხარი დაუჭირეს წესების განსაზღვრას. სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები მათ ბოიკოტით პასუხობენ და უარს აცხადებენ ამ პოზიციების განხილვაზეც კი. დღევანდელი ბოიკოტით ჩვენმა კოლეგებმა პოლიტსაბჭო არაქმედითად აქციეს - შესაბამისად, 20 იანვრამდე ვეღარ მოხდება პარტიის წესდებით სავალდებულო საკითხების გადაწყვეტა და ამდენად, სამწუხაროდ, მომავალ შეკრებას ეცლება ლეგიტიმურობის საფუძველი", - წერია განცხადებაში.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს აზრით, ყრილობის ჩატარების იურიდიულ ჩიხში შეყვანა სამწუხარო ნაბიჯია, ასუსტებს ერთადერთ მძლავრ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და უადვილებს ამოცანებს ივანიშვილის რეჟიმს.

კომენტარები