საგარეო ურთიერთობები

ხოშტარია: ხელისუფლებას უჭირს რუსეთთან ურთიერთობების რეალურად შეფასება

პარლამენტში ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით, გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოხდეს "ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის ნაჩქარევი წესით მომზადება". ამასთან, ხოშტარია ამობს, რომ "რაღაც ფორმალური მიზეზებით" არ ხდება ენმ-ის მიერ წარდგენილი ალეპოს შესახებ განცხადების განხილვა.

"გაუგებარია, იმ საგარეო ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ბევრი ფაქტორის გამო, რატომ უნდა მოხდეს ასეთი მნიშვნელვანი რეზოლუციის ისეთი ნაჩქარევი წესით და მიფუჩეჩებით მომზადება. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება. გარდა ამისა, 2 კვირაა შეტანილი გვაქვს ალეპოს შესახებ განცხადების ტექსტი, რომელსაც რაღაც ფორმალური მიზეზებით მუდმივად დებენ. გვაქვს ძალიან კონკრეტული ეჭვი, რომ ისინი ერიდებიან რუსეთის პოზიციის ღიად კრიტიკას და სწორედ ამიტომ არ განიხილავენ. არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები, როგორც ამ საგარეო რეზოლუციის მომზადებაში, ასევე დამოკიდებულებაში რეალურად საგარეო პოლიტიკურ მოვლენებთან. ვხედავთ უკიდურესად პასიურ საგარეო პოლიტიკას და ამ ფონზე მიფუჩეჩებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკაზე და უარს მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, ისეთზე, როგორიც ალეპოა", - თქვა დეპუტატმა.

ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას უჭირს, რეალურად შეაფასოს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები.

"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს საგარეო პოლიტიკაში, არის ის, რომ ამ ხელისუფლებას უჭირს, რეალურად შეაფასოს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები. პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკა ყველას სჭირდება, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა არის მაშინ, როცა ზარალდები რუსეთის მხრიდან ყოველდღიურად. ჩვენი უსაფრთხოების გარემო, რაც ხდება აფხაზეთში, ოსეთში... ზოგადად რუსული პროპაგანდა და სხვადასხვა პრობლემები, რასაც რუსეთი გვიქმნის, ამ ფონზე ამ ურთიერთობებს უწოდო მშვიდი და პოზიტიური დინამიკის, ეს არის არასწორი. მთლიანობაში, რეზოლუციის და ჩვენი განცხადების მიმართ დამოკიდებულებამ გამოავლინა არათანმიმდევრული და არასერიოზული მიდგომა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხების მიმართ", - ამბობს ხოშტარია.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილ რეზოლუციაში რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ნათქვამია: "საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეოპოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას".

ამასთან, 19 დეკემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადების შემუშავება ითხოვა და ბიუროს სხდომაზე განცხადების პროექტი წარადგინა

კომენტარები