სირიის კრიზისი

ჯანელიძე: სირიაში გასაგზავნი დახმარების ფორმა მიმდინარე კვირაში განისაზღვრება

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სირიაში გასაგზავნი დახმარების ფორმა მიმდინარე კვირაში განისაზღვრება. მინდია ჯანელიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მიმდინარე კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტული ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით სირიაში დაზარალებულთათვის. ამისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობებია, რადგან ვერ ხერხდება პროდუქციის პირდაპირ მიწოდება და ა.შ. მაგრამ არსებობს გაერო-ს მიერ შექმნილი სპეციალური ფონდი და ფორმატები, რომელთანაც ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ და მიმდინარე კვირაში განვსაზღვავთ ჰუმანიტარული დახმარების ფორმას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, სირიასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ყველა ფორმატში აქტიურად ფიქსირდება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით სირიის კრიზისის საკითხებზე. ეს გამოიხატება ჩვენს განცხადებებში გაერო-ს ფორმატში, ასევე გამოიხატება მაგალითად, ჩვენი ვალდებულებით, რომელიც გავაჟღერეთ თუნდაც სტამბოლის სამიტზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა, რომ ჩვენ მივიღებთ მიგრანტ სტუდენტებს საერთაშორისო დონორების დაფინანსების შემთხვევაში. მე შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სირიასთან მიმართებით საქართველოს პოზიცია გაჟღერებულია ყველა ფორმატში, ძალიან მტკიცედ და კონკრეტულად და ჩვენი პარტიონები მკაფიოდ ხედავენ ჩვენს პოზიციას“, - ამბობს ჯანელიძე.

რაც შეეხება სირიის კონფლიქტის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადებას, რომელზე გადაწყვეტილებაც საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე არ მიუღია, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „პარლამენტის რეზოლუცია პარლამენტის განსასაზღვრია“.

კომენტარები