ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტით დაგეგმილ სამიზნე ზრდაზე ნაკლებია

ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის თერთმეტ თვეში ეკონომიკური ზრდა 2.4% იყო, ეს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრულ 2.7%-ზე ნაკლებია. 

2016 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე წლის ბოლოს აშკარა გახდა, რომ იგი სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწევდა, ამიტომაც ბიუჯეტში დეკემბერში შესული ცვლილებებით მოსალოდნელ ზრდად 2.7% განისაზღვრა.

ნოემბერში კი ეკონომიკური ზრდა 2% იყო. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს ყველაზე აქტიური ეკონომიკური სეზონი წლის მეორე კვარტალი იყო, ამ პერიოდში ზრდა 3%-ს შეადგენდა. წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა კი მესამე კვარტალში იყო და მან 2.2% შეადგინა.

2015 წელს ზრდა 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები