ბიუჯეტი 2017

პრემიერი: კამპანიისას როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აქციზის ზრდა დაგვეანონსებინა

ტაბულა

"საარჩევნო კამპანიის დროს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აქციზს გავზრდით ამდენი პროცენტით და ა.შ. ეს არის წარმოუდგენელი", - აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

”ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ პრეტენზიას, საარჩევნო კამპანიის დროს რატომ არ გამოვიტანეთ კონკრეტულად რომელ გადასახადს გავზრდიდით, რომელს შევამცირებდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთქვით, საარჩევნო კამპანიის დროს, რომ დამატებითი შემოსავლების მობილიზაციისკენ გადავდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ აქციზს გავზრდით ამდენი პროცენტით და ა.შ. ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ დავასრულეთ თუ არა მთავრობის დამტკიცების პროცესი, დავიწყეთ იმ მომენტშივე ბიზნესთან კომუნიკაცია და ასე გადავდგით ეს ნაბიჯები,”- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა პრემიერმა.

ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდით შემოსავლები 518 მილიონით გაიზრდება

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახადიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად, ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა.

კომენტარები