ბიუჯეტი 2017

პირველი იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობსა და ავტომობილებზე აცქიზის გადასადი იზრდება

მიკაელა რელე / REUTERS

პირველი იანვრიდან ძალაში შედის საგადასახდო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც ავტომობილებზე, თამბაქოზე და ნავთობრპოდუქტებზე აქციზის გადასახადი იზრდება, ასევე იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, ავტომფლობელებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 ათასზე მეტია წლიური 500 ლარამდე ქონებრივი გადასახადის გადახდის ვალდებულება უჩნდებათ. სავარაუდოდ უკვე ხვალიდან აქციზის გაძვირება ამ პროდუქციის ფასების ზრდას გამოიწვევს. ასევე ხვალიდან შედის ძალაში მოგების გადასახადის "ესტონური მოდელიც". 

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახადიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად, ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა.

კომენტარები