საახალწლო მილოცვა

პრემიერი: მე გპირდებით, 2017 წელი იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი

facebook.com/KvirikashviliOfficial

2017 წლის დადგომა ქვეყანას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა. პრემიერის თქმით, "ქვეყნის განვითარების სწორი საფუძველი უკვე ჩაყრილია, ახლა კი ერთობლივად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო". 

"ჩემო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! როდესაც მოდის ახალი წელი, ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, ჩვენი მიზანი, მისწრაფებები, მაგრამ ყოველთვის არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ახალმა წელმა მოიტანოს სიხარული და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვინდა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს, გამთლიანდეს, გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის ქვეყანა.

გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით - იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი უკვე ჩაყრილია. ძალიან ბევრ სფეროში ბევრი სიკეთე მიღწეულია. გზა არჩეულია. დეტალური გეგმები დასახულია. ახლა, საჭიროა ერთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 

ცხადია, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ახალი წელი. ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად მართლაც ვერავინ გაგვიგებს! ერთად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული კარგი საქმით და მიღწეული შედეგებით. მე გპირდებით, რომ 2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი.
დიახ, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ განვითარების, შედეგების, განსაკუთრებული წარმატებების ახალი წელი.
გილოცავთ 2017 წლის დადგომას. უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!", - ამბობს პრემიერი.

კომენტარები