აშშ-საქართველოს ურთიერთობა

მაკკეინი: თუ ერთად არ დავდგებით, ეს იქნება პუტინისთვის შანსი განაგრძოს აგრესია

0 კომენტარი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები და აშშ-ის შეირაღებული ძალების კომიტეტის ორი წევრი, ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი იმყოფებიან.

მათ დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს და მათი ახალი წელი მიულოცეს. ჯონ მაკკეინის განცხადებით, მყარადაა დარწმუნებული, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება.

"ათასობით ადამიანს დაენგრა ცხოვრება რუსეთის აგრესიის გამო. ისინი იმსახურებენ იმ ცხოვრების აღდგენას, რაც მათ რუსეთის ქმედებამდე ჰქონდათ. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის პოზიცია არ შეიცვლება საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით, რომ გაგრძელდეს მხარდაჭერა საქართველოსადმი, გაგრძელდეს წვრთნების პროგრამები ქართული ჯარის მიმართულებით", - განაცხადა მაკკეინმა ხურვალეთში.

ჯონ მაკკეინი საოკუპაციო ხაზზე ფოტო: ტაბულა

მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის. 

"ჩვენ ვართ მადლობელი ქართველი ხალხის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ქართველი სამხედროებისთვის და მათი მონაწილეობისთვის ავღანეთის მისიაში. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ეს იქნება შანსი ვლადიმერ პუტინისთვის განაგრძოს მისი აგრესია, ამიტომ ჩვენ მის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ", - განაცხადა მაკკეინმა.

დღესვე, სენატორმა საჩუქარი გადასცა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დავით ვანიშვილს.

ჯონ მაკკეინი საოკუპაციო ხაზზე ფოტო: ტაბულა

სენატორები თავდაპირველად, 30 და 31 დეკემბერს უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართცველოს შემდეგ კი ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც ეწვევიან.

2 იანვარს კი სენატორები ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.

მაკკეინისა და გრემის ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში ფოტო: ტაბულა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

კომენტარები