აშშ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში

facebook.com/KvirikashviliOfficial

"ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში",- აშშ-ის სენატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით ჩამოსულ სენატორთა დელეგაციას მას შემდეგ შეხვდა, რაც სენატორებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სენატორთა ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. 

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. სენატორების თქმით, აშშ დიდად აფასებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

დღევსე საოკუპაციო ხაზთან სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება.

"ათასობით ადამიანს დაენგრა ცხოვრება რუსეთის აგრესიის გამო. ისინი იმსახურებენ იმ ცხოვრების აღდგენას, რაც მათ რუსეთის ქმედებამდე ჰქონდათ. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის პოზიცია არ შეიცვლება საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით, რომ გაგრძელდეს მხარდაჭერა საქართველოსადმი, გაგრძელდეს წვრთნების პროგრამები ქართული ჯარის მიმართულებით", - განაცხადა მაკკეინმა ხურვალეთში.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები და აშშ-ის შეირაღებული ძალების კომიტეტის ორი წევრი, ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი იმყოფებიან.

სენატორები თავდაპირველად, 30 და 31 დეკემბერს უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართცველოს შემდეგ კი ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც ეწვევიან.

2 იანვარს კი სენატორები ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.

მაკკეინისა და გრემის ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

კომენტარები