აშშ - საქართველო

მაკკეინი: ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და დამოუკიდებელი გახდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა და პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ, ამერიკელ სენატორებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა. 

რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, თქმით, ორპარტიული დელეგაცია კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე იმისთვის ჩავიდა, რომ იმ სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ, პატივისცემა და მხარდაჭერა გამოეხატათ. 

მაკკეინმა რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი. 

"ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ანექსია უკანონოდ მოახდინა, ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და სრულიად დამოუკიდებელი გახდება. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდეთ აქ, ამ მამაც ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. რუსეთმა იერიში მიიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი სპეცსამსახურები ამ ფაქტს საგულდაგულოდ გამოიძიებენ. ვიმუშავებთ კონგრესში სანქციების გამკაცრებაზე, იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა და არცერთი პარტია საამისოდ ძალისხმევას არ დაიშურებს. ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ არჩეულ პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას კანონმდებლების რანგში," - თქვა მაკკეინმა სიტყვით გამოსვლისას. 

თავდაცვის მინისტრი იზორია აღნიშნავს, რომ რუსული აგრესია აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგაც გრძელდება და საქართველო კვლავ რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგას. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და ამ მიზნების განხორციელებას უკვე წელს შევუდგებით. გვსურს, რომ მაქსიმალურად მეტი ინვესტიცია ჩაიდოს შესაბამისი საბრძოლო საწვრთნელი ინვფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სათანადო აღჭურვილობისათვის და ის რეფორმები, რომელიც უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს თავდაცვის უწყების რეფორმების ფარგლებში მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით უფრო თავსებადი გახდეს NATO-სთან," - თქვა ლევან იზორიამ.

საქართველოში ვიზიტამდე სენატორები 30-31 დეკემბერს უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართველოს შემდეგ კი, ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც ეწვევიან.

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორების, ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, ემი კლობუჩარის, ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება. 

ორდღიანი ვიზიტი დღეს დასრულდა. ამერიკელმა სენატორებმა საქართველო დღის პირველ ნახევარში დატოვეს. 

კომენტარები