ბიძინა ივანიშვილი

ბიძინას წელი

ბიძინა ივანიშვილი
NYT

საქართველოს 2016 წლის ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და პარლამენტში უპირობო დომინირება გაინაღდა. ფაქტობრივად, მან სწორედ ამ წელს დაასრულა თავისი პოლიტიკური პროექტი. მისი არსია არა უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ვითარება, როდესაც ერთ ადამიანს ქვეყნის მართვის საკონტროლო პაკეტი სრულად უპყრია და, ამავე დროს, შეუძლია ზედმეტად არ შეიწუხოს თავი ყოველდღიური მმართველობითი ამოცანებით. ამისთვის საჭიროა, მის შექმნილ რეჟიმს პრობლემა ვერავინ შეუქმნას.

ცხადია, ივანიშვილმა თავისი ოცნების აღსრულებას საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაუყარა, როდესაც თვით უძლეველ მიშას მოუგო არჩევნები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სრულ კონტროლს: რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი მას კიდევ არ ემორჩილებოდა, რადგან ნაციონალების დანიშნული ხალხი განაგებდა; საკუთარ კოალიციაში ვიღაცებს ზედმეტი ამბიცია აწუხებდა და ბოლომდე ვერ შეიგნო, რომ ბიძინას გარეშე ნულია; ნაციონალური მოძრაობა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, არ მოკვდა და გუნებას მუდმივად უფუჭებდა - მაგალითად, ჯიუტად არ აძლევდა კონსტიტუციის თავის ნებაზე შეცვლის საშუალებას; დაუმორჩილებელი იყო მედიასივრცე, პირველ რიგში „რუსთავი 2“. ახალი მმართველი შესაშური სიდინჯით, მოთმინებით და სისტემურობით შეუდგა დარჩენილი გამღიზიანებლების აღმოფხვრას. ზოგი ამოცანა საკმაოდ მალე გადაწყდა, მაგრამ ბევრს დრო დასჭირდა. 2016 განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ამ წლის წარმატებათა სერია შეგვიძლია 2015-ის დეკემბრით დავიწყოთ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა გამოასწორა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილით ჩაანაცვლა. ღარიბაშვილს უსაზღვრო ერთგულებას ვერ დაუკარგავდი, მაგრამ „ვერტალიოტების“ შოვნაში გაწაფულმა თანაშემწემ პრემიერ-მინისტრის იმიჯი ვერაფრით მოირგო და კომიკურ ფიგურად იქცა, ხოლო ბიძინას არ სიამოვნებს, როცა მას ან მის ხალხს დასცინიან. კვირიკაშვილი გაცილებით უფრო პრეზენტაბელურია: შინ კლასიკური, სულ სიყვარულზე მოლაპარაკე, თუმცა ცოტა მოსაწყენი თამადაა, რომელიც დიდად არავის აღიზიანებს და დასაცინიც არაფერი აქვს. გარეთ, ევროამერიკელ მეგობრებს წარმატებით არწმუნებს, რომ საქართველო მართლა დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზას ადგას. პირველი ვეზირისგან მეტი რა უნდა გინდოდეს? ეროვნული ვალუტა კი მძიმე დღეშია, მაგრამ ასეთ დეტალებს ვინ დაეძებს.

მშვენივრად ჩატარდა კოალიციის პარტიად გარდაქმნის ოპერაცია. პატრიციებად და პლებეებად დაყოფა დამთავრდა: ამბიციურები და „პეროიანები“ (სხვა პოლიტიკური ლიდერის ლექსიკონს რომ დავესესხოთ) პარტიის ერთგულ მებრძოლებს ნერვებს აღარ უშლიან. მეორე მხრივ, მშვიდად გვერდზე გაწიეს ისინიც, ვინც ზედმეტად ექსტრავაგანტული კომენტარებით თავს იმასხარავებდა (ბიძინას, როგორც გვახსოვს, არ უყვარს, როცა მისი ხალხი დასაცინი ხდება). სამაგიეროდ, განახლებულ ოცნებას შემოემატა ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნეთა ჯგუფი, ვინც დასავლელ მეგობრებთან არ შეგარცხვენს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც ორ სიტყვას იტყვის. ამაზე უკეთესი გუნდი რა უნდა იყოს?

დასრულდა ურჩი სახელმწიფო ინსტიტუტების მოთვინიერებაც. წლის დასაწყისში შეიცვალა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა: უკვე შესაძლებელია, არჩევნების წინ ლარი რამდენიმე თვე დაიჭირო, მერე კი მიუშვა.საშემოდგომოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ურჩი წევრების ვადის გასვლასთან ერთად, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობამაც დალია ჩაილურის წყალი. სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ მარგველაშვილის ზომიერად გაბედულ ჟესტებს: მაგრამ ჟესტების იქით მას ხომ არაფერი შეუძლია? თან, მორჩილი პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ შემდეგი პრეზიდენტი ხალხის არჩეული აღარ იქნება და, შესაბამისად, ჭკვიანად მოიქცევა. მეტი რა უნდა ინატრო?

ოქტომბრის არჩევნები შესანიშნავი აღმოჩნდა არა მხოლოდ შედეგით, არამედ პროცესითაც - უფრო სწორად, ამ უკანასკნელის შეფასებითაც. „ოცნებას“ პირველად ექნება ნანატრი საკონსტიტუციო უმრავლესობა; ამავე დროს, შიდა და გარე დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი ერთხმად მოიწონეს, როგორც სამაგალითოდ დემოკრატიული, ხოლო დარღვევები „იზოლირებულ ინციდენტებად“ შერაცხეს. უკეთესი რა გინდა?

თუმცა, არჩევნებმა მთლად ყველა პრობლემა ავტომატურად ვერ გადაწყვიტა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიძინა პოლიტიკაში „ნაციონალების“ გასანადგურებლად მოვიდა და მთელი ოთხი წელი მუდმივად გვახსენებდა, რომ მთავარ მოწინააღმდეგეს რადარებიდან გააქრობს. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ცალსახად დამარცხდა, მაგრამ მაინც ძირითად, პრაქტიკულად ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დარჩა და მხარდაჭერის გარკვეული ზრდაც აჩვენა საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით. „მრავალპარტიული პარლამენტის“ ხედვა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ სუსტ მოთამაშედ დარჩებოდა, ვერ განხორციელდა.

მაგრამ 8 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციური პარტიები თავად შეუდგნენ საკუთარი თავის განადგურებას, რითაც ივანიშვილის გამარჯვებას სრული ტრიუმფის სახე მისცეს. ჯერ პატარებმა მოათავეს საქმე. პაატა ბურჭულაძემ არჩევნებამდევე გაუგებარი მენევრებით მოაშთო მისივე შექმნილი „მესამე ძალა“ და პირველი პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ დეკემბერში მიიღო: სცენას დაუბრუნდა. დაიფანტა ალასანიას გულგატეხილი გუნდი, ამაყმა რესპუბლიკელებმაც რაღაცაზე იჩხუბეს და გაიყვნენ. ფორმალურად, სამივე პარტია არსებობას განაგრძობს, მაგრამ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

წლის მთავარი საჩუქარი კი ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო. არ ვაპირებ, პარტიის შიგნით მიმდინარე საჯარო სკანდალში მტყუანი და მართალი გავარჩიო: აქ შედეგებს ვაჯამებ. ყველა ნიშანია იმისა, რომ 2017-ში ნაციონალური მოძრაობა, როგორადაც ჩვენ მას ვიცნობთ, აღარ იარსებებს. ერთ მხარეზე დარჩებიან პარტიის დამფუძნებლის და სიმბოლოს, მიხეილ სააკაშვილის პირადი მხარდამჭერები, მეორეზე - პარტიის თითქმის მთელი საპარლამენტო დეპუტაცია. გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ამათგან რომელს დარჩება პარტიის სახელი და მრგვალი ბეჭედი: ივანიშვილის რეჟიმს სერიოზულ პრობლემას, მოხილვად მომავალში მაინც, ვერც ერთი ვერ შეუქმნის. ბიძინას შეუძლია თქვას, რომ ეს დაპირებაც შეასრულა.

ერთადერთი პროექტი, რომელიც 2016 წელს ივანიშვილმა არ ან ვერ დაამთავრა, „რუსთავი 2-ის“ დასაკუთრებაა. შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების ფონზე მან ჩათვალოს, რომ ზედმეტად არც უნდა იჩქაროს. დანარჩენ სატელევიზიო მედიაზე კონტროლი კონსოლიდირებულია, „რუსთავი 2“-ის ბოლომდე მიხრჩობას კი ბევრი აღარაფერი სჭირდება.

ყოველივე ამის შემდეგ გვაქვს თუ არა ვალდებულება, ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრძენთაბრძენია, რომ მან ყველაფერი უბადლოდ გათვალა? თუ მთავარი დასკვნა ისაა, რომ ღარიბ და განვითარებული პოლიტიკური ინსტიტუტების არმქონე ქვეყანაში ძალიან დიდი ფულის მქონე ერთ კაცს ადვილად შეუძლია ყველა მეტოქის დამარცხება? ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული პოლიტიკური უნარები გამოიჩინა; გემოვნების ამბავია, რა დავარქვათ მათ: „სიბრძნე“, „გამჭრიახობა“ თუ „(ვირ)ეშმაკობა“. ამ კამათშიც ახლა არ შევალ.

მთავარია შედეგი. „ბიძინას ოცნება“ აღსრულებულია. ჩვენ ყველანი მის პირად „დაჩაზე“ (სხვა სიტყვებით - ბიძინასარკადიაში) ვცხოვრობთ ზებრასთან, პინგვინებთან და საუკუნოვან ხეებთან ერთად. რამდენად დიდხანს გაგრძელდება იდილია, არავინ უწყის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაკი ეს ბიძინას ძალაუფლების პიკია, ამიერიდან დაღმართი და, საბოლოოდ, მძაფრი კრიზისი დაიწყება, გაცილებით ადრე, ვიდრე თავად ბიძინა ელის. შეიძლება, ქართველმა ხალხმა შესაშური ამტანობა გამოიჩინოს და 2030 წლამდე მოთმინებით ელოდოს ბიძინომიკის აყვავებას. ეს არ ვიცით, ახლა 2016 წლის შედეგების შეჯამების დროა.

კომენტარები