ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წიკლაური: პარტია უნდა განახლდეს და დაუბრუნდეს მის მფლობელს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური 20 იანვრის პარტიის ყრილობის შესახებ Facebook-ზე წერს. წიკლაურის თქმით, პარტია უნდა განახლდეს და თავის მფლობელს დაუბრუნდეს.

"20 იანვრის მასშტაბური განახლების ყრილობისთვის მზადება არ შეგვიწყვეტია თვით ახალი წლის დღეებში. პარტიულ ორგანიზაციათა უდიდეს ნაწილს უკვე განსაზღვრული და გადმოგზავნილი აქვს დელეგატთა სიები. ყრილობის დელეგიტიმაციის და საბოტაჟის ნებისმიერი მცდელობა მიმართულია პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა და ნაციონალური მოძრაობის ათასობით წევრის წინააღმდეგ და თანხვდება ივანიშვილის სურვილს, დაასაუსტოს მთავარი ოპოზიციური ძალა. კარჩაკეტილობა და კულუარული მართვა აფერხებს ჩვენს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმთან. პარტია უნდა განახლდეს და დაუბრუნდეს მის მფლობელს - ჩვენს აქტივისტებს და ასობით ათას მხარდამჭერს. განახლების ყრილობა გაიმართება 20 იანვარს, თბილისში. ძალა ერთობაშია!", - წერს ნუგზარ წიკლაური Facebook-ზე.

გუშინ, ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც პარტიის საორგანიზაციო პროცესის წესების დარღვევით ჩატარებაზე საუბრობს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური.

"ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში. ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.

კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა", - წერს რატიანი.

კომენტარები