გიგი უგულავას საქმე

უგულავა: სამწუხაროდ, რაც მინდოდა, კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა

0 კომენტარი

სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს ეხება, გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. როგორც მოსამართლემ თქვა, მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღის შესახებ ეცნობებათ.

პროცესზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა თბილისის ყოფილ მერს. მან კონკრეტული საქმის გარშემო ისაუბრა და პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია.

"განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ, სამწუხაროდ, ის, რაც მინდოდა, რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა. მე პატარა ბავშვი არ ვარ და არც პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა მაქვს. როცა ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უხდის ხელფასს, მიდის მოქალაქესთან და როგორც პარტიული აქტივისტი ელაპარაკება, ცალსახად ცუდია. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა მე ვერ ავლაგმე. მიზნად რომ დამესახა... რა მიზანიც დავისახე, ყველაფერი მეტნაკლებად შევასრულე. ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. ცუდია ეს? რა თქმა უნდა, ცუდია.

შევთანხმდეთ ერთ რამეზე - სახელმწიფო ინსტიტუციით დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ცალსახად ცუდია. მაგრამ მე ამას არ ვემიჯნები იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჩემი პრობლემაა, მაგრამ არც არავის სხვას არ ვაბრალებ.

მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება", - თქვა უგულავამ პროცესზე.

თბილსერვის ჯგუფის საქმე ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთია, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 სექტემბერს გაამტყუნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მასტერი

კომენტარები