ბუნებრივი აირი

ყაზტრანსგაზი: ტარიფი უცვლელია, მოსახლეობამ დეკემბერში 49%-ით მეტი გაზი მოიხმარა

Reuters

თბილისის აბონენტთა ნაწილმა ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიიღო. ამასთან დაკავშირებით თბილისში ბუნებრივი აირის პროვაიდერმა ყაზტრანსგაზმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელია, დეკემბრის ქვითარში გაზრდილი გადასახადი კი წინა თვესთან შედარებით 49%-ით გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

ყაზტრანსგაზ თბილისის განცხადება

"2016 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ნოემბერში მიღებული იყო 82 მლნ კუბ მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში მიღებული და რეალიზებული ბ/აირის მოცულობამ შეადგინა 97 მილიონი კუბური მეტრი. მიმდინარე წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 26%.  

აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის კვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის დეკემბერთან შედარებით.  

ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, შესაბამისად დეკემბრის თვეში მოხმარებული ბ/აირი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული ბ/აირის მოცულობა და საფასური. ხოლო, თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვართოს კომპანიის ცხელ  ხაზზე 240 40 04 ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეუმოწმებენ აღრიცხვის კვანძს

ტარიფი არ გაზრდილა, რაც აბონენტებს მარტივად შეუძლიათ იხილონ ქვითრებზე", - ამბობს ყაზტრანსგაზის ფინანსური მენეჯერი ნინო თურმანიძე.

დღესვე სემეკმაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის ქვითარში ტარიფთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, შეუძლიათ დარეკონ სემეკის ცხელ ხაზზე - 2420180 და მათ საკითხს კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის.

კომენტარები