გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა შესაძლოა, დღეს გათავისუფლდეს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებს. თბილსერვისის ეპიზოდის საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილზე და სასჯელმა 1 წელი და 9 თვე შეადგინა.

თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, თბილისის ყოფილ მერს, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა დღეს ან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება (უქმე დღეების გამო).

უგულავა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. 

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა მიმდინარე წლის 4 იანვარს დაასრულა.

თბილსერვის ჯგუფის საქმე ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთია, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგი უგულავას 2015 წლის სექტემბერში 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

კომენტარები